ამ ქალის ფუნქცია ის არის, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ კომპანიაში გოგონების ყველაზე საყვარელი თოჯინას გლობალური იმიჯი შექმნას. სანამ 1999 წელს კომპანია Mattel-ში გადავიდოდა, მან კარიერა საფეიქრო წარმოებაში დაიწყო, სადაც თოჯინა „ბარბის“ დიზაინერი გახდა. იგი მხურვალედ გულშემატკივრობს ქალებსა და გოგონებს მთელ მსოფლიოში. „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კიმ კულმონმა ბარბის ევოლუციის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რატომ არის 62 წლის ბარბი ისევ პოპულარული.
ევრონიუსი:
სულ ახლახან არაბული მოდის კვირეულზე ბარბის მოდის სიმბოლოს ჯილდო გადაეცა. რამ განაპირობა ბარბის ასეთი მოდური იმიჯი?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
„ბარბი ყოველთვის იდგა მოდისა და პოპკულტურის ყურადღების ცენტრში და სწორედ ამ მხრივ არის იგი საუკეთესო. ჩვენ იმას ავსახავთ, რაც მსოფლიოში ყველა ჩვენგანის ირგვლივ ხდება და სწორედ ეს არის ბარბის ევოლუციის საფუძველი. მის წარმატებას განაპირობებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენათა ცენტრში ყოფნა და მოდაც ხომ ამის ნაწილია.“
სწორედ ბარბი აღმოჩნდა Moschino-ს კრეატიული დირექტორის ჯერემი სკოტისა და იმ მთელი ხაზის მუზა, რომელსაც ახალა წარმოადგენენ. რას უნდა ველოდოთ?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“მოემზადეთ განცვიფრებისთვის. ეს წარმოუდგენლად კარგი კოლექციაა. მე გამიმართლა, რომ მილანში ჯერემისთან და მის გუნდთან ერთად ვყოფილიყავი, როდესაც ეს კოლექცია პირველად წარადგინეს. ჯერემი დიდი ხანია ჩვენს ბრენდთან თანამშრომლობს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბარბი 50-ის გახდა. ბარბი ყოველთვის მისი მუზა იყო და ჯერემი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ყველასთვის.“
ვერ ვიჯერებ, რომ ბარბი წელს 62 წლის ხდება, ძალიან გრძელი გზა გაუვლია, არა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“მან ძალიან, ძალიან გრძელი გზა გაიარა. როგორც უკვე ვთქვი, გავლენის შენარჩუნებისთვის მთავარი ევოლუციაა, მუდმივად უნდა იცვლებოდე და დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ყურადღების ცენტრში ხარ.“
თქვენ ნეირომეცნიერებთან ერთად უამრავი კვლევა ჩაატარეთ იმის გასარკვევად, თუ რამდენად განამტკიცებს გოგონების თავდაჯერებას ბარბით თამაში. შეგიძლიათ უფრო გაშალოთ ეს თემა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“რა თქმა უნდა. კვლევა ჩავატარეთ გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტში Cardiff. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ თოჯინებით თამაში ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ეს თანაგრძნობისა და სოციალური უნარების განვითარებას უწყობს ხელს, მიუხედავად სქესისა და იმისა, ჯგუფურია თამაში თუ ბავშვი მარტო ერთობა. ბავშვებისთვის სასარგებლოა ბარბის მსგავსი თოჯინებით თამაში.
ბარბიზე დიდი ხანია ამბობენ, რომ არაბუნებრივი ფორმები აქვს და მისი შემხედვარე, გოგონებს უჩნდებათ სურვილი, ასეთივე ფორმები ჰქონდეთ. როგორ შეიცვალა მდგომარეობა ბოლო წლებში?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამყარო ვაჩვენოთ, რომელსაც ბავშვები ირგვლივ ხედავენ და ეს თოჯინასაც ეხება. ჩვენ უამრავი დრო დავხარჯეთ ბარბის ევოლუციაზე. ახლა ბარბი ყველაზე მრავალფეროვანი თოჯინაა მსოფლიოში, ასე რომ, ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ამ კუთხით.“
რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც თოჯინას ქმნი, ის რეალური სამყარო აჩვენო, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელშიც ბავშვი იზრდება?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“ჩვენი რეალური გარემოს ჩვენება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ხალხმა და ბავშვებმა მედიაში, კულტურასა და სათამაშოებში საკუთარი თავი უნდა დაინახონ. ამიტომ ახლა ბარბი მსოფლიოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. გვაქვს სხეულის შვიდი ტიპი, რომლებსაც მუდმივად ვიყენებთ თოჯინასთვის. არის ბარბი, რომელიც ზის ეტლში, რომელსაც აქვს კიდურის პროთეზი ან კანის დაავადება… უამრავი თოჯინა გვაქვს ახლა, რომლებშიც ბავშვს შეუძლია, საკუთარი თავი დაინახოს.“
თქვენ ევროპის კომოსურ სააგენტოსთანაც ითანამშრომლეთ. შეგიძლიათ ამაზე გვესაუბროთ?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“რასაკვირველია. მოდის გარდა, ბარბის ახლა ორასზე მეტი პროფესია აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეს თოჯინა აკეთებს, ის არის, რომ ბავშვს დაანახოს, რომ ქალს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუნდაც იმ სფეროებში, რომლებშიც ქალი ნაკლებად არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ქალი ყველა სფეროში იღვწის, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ კულტურა. ამიტომ ჩვენ ძალიან გვეამაყება ეს თანამშრომლობა და ის თოჯინა, რომელიც ამის შედეგად შეიქმნა.“
თქვენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდის მიერ წარმოებული კამპანიის დროს?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“ჩვენ გლობალური ბრენდი ვართ, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადგილს მოვერგოთ. დუბაიში პირველად ვარ და ისინი ახლო აღმოსავლეთში ბარბისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობებს ხედავენ. ამიტომ ჩვენი გლობალურობის პარალელურად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ხალხს ასახავდეს.“
ჩემი აზრით, სადაც კი მიდიხართ, ყველა ადგილზე რაღაც შთაგონებას პოულობთ. რა მოგცათ ახლო აღმოსავლეთში თქვენმა პირველმა ვიზიტმა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“შთაგონების პოვნა ყველგან შეიძლება. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რომელიც დუბაიში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე თან მდევს, აქაურების საოცარი სტუმართმოყვარეობაა. ყველა ისეთი თავაზიანი იყო, რომ ეს საოცარი მოგზაურობა გამოდგა ჩემთვის.“
თქვენ კარიერა საფეიქრო მრეწველობაში დაიწყეთ და შემდეგ გადახვედით ამერიკული კორპორაციის მმართველ რგოლში. თქვენ ორივე მხარეს იმუშავეთ. რა რჩევას მისცემდით ქალებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბიზნესში სურს წასვლა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“იცით რა, აუცილებლად უნდა წახვიდეთ! როგორც ბარბის, ჩვენ ყველას უსაზღვრო პოტენციალი გვაქვს. ბიზნესში უკვე ჩართულ ქალებს კი ვეტყოდი, რომ სხვა ქალებს დაეხმარონ. ჩემს კარიერაში გარკვეულ წარმატებას მივაღწიე და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიდერი ქალების შემდეგი თაობა წავახალისო.“
თქვენ, რასაკვირველია, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინდუსტრია შეიცვალა და ამაში დიდი როლი სოციალურ მედიას მიუძღვის. თქვენს ინდუსტრიაზე რა გავლენა მოახდინა სოციალურმა მედიამ?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“დიახ, მან ნამდვილად მოახდინა გავლენა ჩვენს ინდუსტრიაზე. ბარბი შესანიშნავად არის წარმოდგენილი სოციალურ მედიაში, ასევე „იუთუბის“პლატფორმაზე, რომელზეც ბავშვებსაც ვაცნობთ პროდუქტს. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, სადაც მომხმარებელია, როგორც ბავშვი, ისე მშობელი.“
რა სახის კვლევები ტარდება იმისათვის, რომ ასეთი ტიპის პროდუქტი წარმოადგინოთ?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
„ჩვენ არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, რომელიც მომხმარებელს სწავლობს. ვერ გავაკეთებთ საქმეს, თუ ბავშვებსა და მშობლებს დროს არ დავუთმობთ. ჩემი დიზაინერების გუნდი ბავშვებთან იმაზე მეტ დროს ატარებს, ვიდრე ოდესმე. ახლა ყოველ ორ კვირაში ვადგენთ ჯგუფებს, რომლებშიც ბავშვები იკრიბებიან და ჩვენს პროდუქტს აფასებენ, მათი აზრი უაღრესად მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენ ხაზის განვითარებაში გვეხმარებიან.“
მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“იცით, მგონი ჩემი თავდაჯერება იყო ყველაზე რთული მისაღწევი მთელი ამ ხნის განმავლობაში და თავდაუზოგავი მუშაობა, რათა მერწმუნა საკუთარი თავისა და საკუთარი იდეალებისა, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩემთვის.“
ეს მართლა საინტერესოა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისეთი ბრენდისთვის ქმნით დიზაინებს, რომელიც გოგონებს საკუთარი თავის რწმენას უნერგავს, არა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“ზოგჯერ გაცილებით ადვილია, სხვა ადამიანს გაუღვივო თავდაჯერება, ვიდრე საკუთარ თავს. ამიტომ მგონია, რომ მეც უნდა ვუსმინო ბარბის გზავნილს, რომლის მიხედვითაც, უსაზღვრო პოტენციალი მაქვს.“
თქვენი ბრენდის მიერ წარმოებული კამპანიებიდან რომელია თქვენი რჩეული?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“იცით, ეს საკამოდ რთული სათქმელია. ეს იმას ჰგავს, როცა ვინმე მეკითხება, რომელია ჩემი საყვარელი თოჯინა. გულწრფელად რომ გითხრათ…
ისევე, როგორც კითხვა: რომელი შვილი უფრო გიყვარს, არა?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
„ზუსტად. ყველაზე მეტად ბარბის გზავნილი მომწონს, რომ შეგვიძლია, ყველაფერს მივაღწიოთ ამ ქვეყანაზე, რაც კი გვსურს.“
თქვენ სოციალური მედია ახსენეთ. გაქვთ „იუთუბის“ პლატფორმა, გყავთ თოჯინები. მაგრამ ცნობილია, რომ მალე ფილმიც გამოვა. რას გვეტყვით ამის შესახებ?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
„იმას, რომ ახლა გადაღების წინა პერიოდი გვაქვს. გადაღება გვინდა 2022 წელს დავიწყოთ და იმედი გვაქვს, რომ 2023-ისთვის ფილმი უკვე ეკრანზე გავა.“
როგორია ბარბის გეგმები ახლო მომავალში?
კიმ კულმონი, კომპანია Mattel-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბარბისა და მოდური თოჯინების დიზაინის განყოფილების უფროსი:
“ახლო მომავალში იმას გავაკეთებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ ბაზარზე თოჯინების ყველაზე მრავალფეროვანი ხაზით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ბარბის, სათამაშოების გარდა, სხვა სფეროებში გატანასაც გავარგძელებთ.“
ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი