საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი, კვლავ განაგრძობს შიმშილობას. მათი მოთხოვნა უცვლელია – გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. პარლამენტში დღეს მოშიმშილე დეპუტატები „ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა. მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა.
„ჩვენი რჩევა იქნება, რომ მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთმანეთთან დაილაპარაკონ – გაიაზრონ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამ ყველაფერის შემდეგ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. შეთანხმება შეიძლება გარკვეულ კონსენსუსსაც მოიცავდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური პარტიები სწორედ ამ ძირითადი ღირებულებებით უნდა მოქმედებდნენ“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.
უკვე მე-15 დღეა შიმშილობს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოინახულეს. როგორც თავად აცხადებენ, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით, უმრავლესობის წევრები, ძალიან შეწუხებულები არიან.
„რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მთელი გუნდი არის შეწუხებული, რა თქმა უნდა, შეწუხებულია ამ მდგომარეობით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით. უამრავი მსურველია მისი მონახულების, თუმცა იმ მიზეზების გამო, ერთი არის კოვიდი და ამის გარდა, არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ ელენე ხოშტარია, ამის გამო, სამწუხაროდ, ბევრი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ვერ ახერხებს მის მონახულებას. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენი დეპუტატი უმრავლესობის წევრები არიან ღრმად შეწუხებული იმ მდგომარეობით, რაც არის“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„პირველი, რაც მინდა, ვთქვა, მე მზად ვარ, აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან ვინმეს წაგება. ამიტომ, ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში, „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლა უნდა. მეორე, მე ცხადია, ისევე, როგორც საზოგადეობას მუდმივად საქმის კურსში ვაყენებ, ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს – რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და რა არის ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არც ერთ შემთხვევაში“, – თქვა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
პარალელურად კი კვლავ მართავენ აქციებს ოპოზიციის წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 19 ნოემბერს თბილისში, სამ სხვადასხვა ადგილზე აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ცვლის საქართველოს ევროპულ კურსს და ახლა ეს უნდა იყოს პროტესტის ძირითადი საგანი.
ჩვენ გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რეალობისადმი ძალიან მარტივია – ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არის მშვიდობიანი, თუმცა მტკიცე და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ყოველდღიური ბრძოლა შედეგს გამოიღებს.
ანა ალელიშვილი