სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი იყო, რომლის თანახმადაც, თუკი ბრალდებულის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, მას დისტანციურ რეჟიმში მიეღო მონაწილეობა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადმოყვანაზე უარი თქვეს. დისტანციურ მონაწილეობაზე კი თავად ბრალდებული აცხადებს უარს. როგორც მოსამართლემ განმარტა, თუკი ეს ბრალდებულს არ სურს, ეს მისი უფლებაა.
ადვოკატებმა მოსამართლეს იმ დოკუმენტის მატერიალური სახით ჩვენება მოითხოვეს, რომელიც სასამართლომ პენიტენციურ დაწესებულებას გაუგზავნა. დავით კურტანიძის თქმით, მან საკმარისზე მეტი თქვა და დოკუმენტების გამოქვეყნებას არ მოახდენდა. თუმცა, ადვოკატების მიერ გაჟღერებული შუამდგომლობების შემდეგ, მოსამართლემ უფლებადამცველებს პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი დოკუმენტი აჩვენა.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ ეცნობა ადვოკატებს, რომ სასამართლო ბრალდებულის დისტანციურად ჩართვას ითხოვდა და რა ნორმაზე დაყრდნობით მოითხოვა მან, რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩართულიყო, რადგან წერილის გაგზავნისას მან არ იცოდა სააკაშვილს გადმოიყვანდნენ თუ არა.
“პენიტენციურ სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ სასამართლოში წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილი, ან დისტანციურად ჩატარებულიყო პროცესი, ამ შემთხვევაში სასამართლოს მხარის თანხმობა არ სჭირდება”,- განაცხადა კურტანიძემ.
ადვოკატ ბექა ბასილაიამ მოსამართლეს ჰკითხა, თუ რატომ არ განმარტა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანაზე პენიტენციური დაწესებულების უარი.
“უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ წარმოვადგინეთო, განმარტა პენიტენციურმა დაწესებულებამ”,- განაცხადა მოსამართლემ.