მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით დასრულდა. სასამართლო პროცესი კი 9 დეკემბერს განახლდება. მიხეილ სააკაშვილს კვლავ არ მიეცა საშუალება სასამართლო პროცესს დასწრებოდა. პროკურატურამ მას მხოლოდ დისტანციურად ჩართვა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალი 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით დაბრუნდა, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.

„დღეს მოსამართლემ მოახდინა პირდაპირი ლუსტრაცია იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოყვანა ფორმალურადაც კი არ იგეგმებოდა. მოსამართლემ წერილი მიწერა პენიტენციურს, ან მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ან დისტანციურად ჩართეთო. ვინ მისცა კურტანიძეს იმის უფლება, რომ დისტანციურად ჩართვაზე მანამ მიმართოს პენიტენციურს, სანამ გაირკვევა პირის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. დისტანციურად ჩართვის შემთხვევაში მონიტორი მოსამართლის მხარეს იქნებოდა შებრუნებული. შემდეგ კი გააკონტროლებდნენ იმას თუ როდის დაეხშოთ მიხელ სააკაშვილის ხმა და როდის მიეცათ მისთვის საუბრის უფლება. სურდათ ის მოსამართლის მარიონეტად ექციათ“, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

„ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პირები ემალებიან სასამართლოს, თავს არიდებენ სხდომაზე მონაწილეობის მიღებას, მაგრამ სასამართლო და მართლმსაჯულება ემალებოდეს პირს, მსგავსი პრეცედენტი არათუ საქართველოს, არამედ არც ერთი ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს. ეს ადასტურებს იმას თუ როგორ არის შეშინებული ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოჩენით“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

„ის საფუძველი, რის გამოც არ მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში, შემდეგშიც იგივე იქნება. ჩვენ ვნახეთ პენიტენციური სამსახურის წერილი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის გატაცებას აპირებდნენ. ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ მსგავს ფაქტს, რომ იგეგმება გადატრიალება. ასეთი მიზეზის მოფიქრება ყოველთვის შეიძლება. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ არც ერთ პროცესზე არ წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილს“,- ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.

როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა სასმართლო პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა მიზნები ამოძრავებს.

„მართალია სასამართლო პროცესი ხორციელდება საჯაროდ და ბუნებრივია საჯაროობის პრინციპი როგორც ჩვენი კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად დაცული უნდა იყოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ის გარემოება, რასაც პენიტენციური სამსახური უთითებს, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო დისტანციურად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესში და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა მოსამართლისა და მხარეების წინაშე. ამაზე მან უარი განაცხადა და გასაგებია რა მიზანს ემსახურება მისი პოზიცია.“

სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურას წინასწარი პატიმრობა არ მოუთხოვია. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ორ საქმეზე სასამართლო სხდომები 29 ნოემბერსა და 2 დეკემბერს გაიმართება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend