მთავარისაქართველო79 ხმით ორ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

79 ხმით ორ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის სხდომა დეპუტატების შიმშილობისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართა

საპარლამენტო ვერდიქტი პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანომ უკვე გამოუტანა. მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. 79 მომხრე და ორი წინააღმდეგი – ასე დასრულდა მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ ორი დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობა. ოპოზიციის ნაწილმა კოლეგების მოთხოვნას, მმართველი გუნდის დეპუტატების უმრავლესობის მსგავსად, მხარი დაუჭირა. ნაწილმა კი – არა.

“იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, რომელშიც მთელი ქვეყანა იმყოფება, საერთოდ უმნიშვნელოა გვექნება თუ არა და ვის როგორ, ფრაქცია პარლამნეტში. ეს იყო მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ (გირჩი ჯაფარიძის) პირადი გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად და პარლამენტს არანაირი უფლება არ აქვს, მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. ახლა მთავარია პროტესტის სხვადასხვა ფორმა კარგად გაიშალოს“, – აცხადებს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს 9 ოპოზიციონერი დეპუტატი და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია. მმართველი პარტიის მოშიმშილე ოპონენტების თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ეს ტაქტიკა, ქუჩის საპროტესტო აქციებთან ერთად „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ უკან დაახევინებს.

“ვის ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა – რუსეთის ინტერესში. მათ არ უნდათ მისი გადაყვანა, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებას, ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ეს საპროტესტო მუხტი, მათ შორის შიმშილობა, დემონსტრაციები გაგრძელდება. ეს არის მხოლოდ ჩვენი იარაღი, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება მოვიდეს გონს და ნუ დაუშვებს ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომას”, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი აკაკი მინაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ის ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც საკუთარ მანდატზე უარს ამბობენ, თავიანთი ამომრჩევლების წინაშე უპასუხისმგებლოები არიან, ამიტომ მათ მოთხოვნას მხარს უპრობლემოდ უჭერენ. რაც შეეხება პროტესტის სხვადასხვა ფორმებს, „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალოს და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადავიდნენ.

„ყველაფერი ერთადერთი მიზნითაა, რომ სააკაშვილი რამენაირად გაიყვანონ ციხიდან – ამ ახირებას ვერ გავყვებით. ჰქონდათ მოთხოვნა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და დავუკმაყოფილეთ. ორჯერ უკვე მივეცით მათ შანსი გაეგრძელებინათ საპარლამენტო მუშაობა, თუმცა არ გამოიყენოს, რაც მათი ამომრჩევლების წინაშე უპასუხიმსგებლობაა. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, შიმშილობას და ა.შ. – მოთხოვნა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, აბსურდულია. უკვე აბსურდის თეატრია, რასაც ვხედავთ“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ორი დეპუტატის საპარლამენტო ცხოვრების დასრულებით, ფუნქციონირება შეწყვიტა ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, თუმცა სხვა დეპუტატის ჩანაცვლების შემთხვევაში, ერთი კვირის ვადაში, მათ მუშაობის განახლების შანსი აქვთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend