მთავარი საქართველო „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პარტიის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

„2021 წლის 14 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონოსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, “ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა,”- ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend