„იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა…“ – ასე ჰქვია ავთო ვარაზის გამოფენას. ეს სიტყვები წინანდლის ექსპოზიციის ორგანიზატორებმა ავთო ვარაზის ჩანაწერებიდან აიღეს. ეს სათქმელი მართლაც ზუსტად ესადაგება ავთო ვარაზის შემოქმედების სულისკვეთებას.
გამოფენის კურატორის თათია ღვინერიას თქმით, ექსპოზიციის კონცეფციაც ეს არის – იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა, იქ არის ხელოვნება და იქ არის ავთო ვარაზი.
„ავთო ვარაზი 60-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წარმომადგენელია. ის არის ნონკონფორმიზმის ფუძემდებელი არა მხოლოდ საქართველოში. ის ძალიან კარგად ასახავს იმ პერიოდის სოციალურ ყოფასა და მდგომარეობას. ეს არის მხატვარი, რომელიც ყოველთვის გამოდიოდა სისტემის წინააღმდეგ და მისი ნამუშევრებიც ამის სრული ილუსტრაციაა იმიტომ, რომ… მთლიანად მისი შემოქმედება არის პროტესტი იმ პერიოდის სოციალური ხელოვნებისა, სოცრეალიზმისა“, – თქვა გამოფენის კურატორმა “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.
სოცრეალიზმის მიმართ პროტესტის ერთ-ერთი მაგალითია მისი სადიპლომო ნამუშევარიც. იგი მისი მეგობრის ავთო ისაკაძის ოჯახში დაცული კოლექციის ნაწილია.
„თითოეულ ნამუშევარს, თითოეულ ნახატს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, აქ წარმოდგენილი ნატურმორტი ავთო ვარაზის სადიპლომო ნამუშევარია, რომელიც დაუწუნეს და მიზეზი ის იყო, რომ არ დახატა სოცრეალიზმის რომელიმე მიმართულებით. შესაბამისად, მან თავისი რევოლუციური ხასიათი გამოავლინა და ამ კომისიის წინაშე ნახატი მუხლზე გადაიმტვრია. ახლაც ეტყობა დაზიანება“, – ამბობს ავთო ვარაზის ნამუშევრების კოლექციის მფლობელი ლაშა ისაკაძე.
ავთო ვარაზის ამ ფერწერული ტილოსა და სხვა ნამუშევრების ხილვა ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 15 ნამუშევარი, რომლებიც მან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შექმნა.
1969 წელს ავთო ვარაზმა ნიკო ფიროსმანის როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას ფილმში „ფიროსმანი“. მისი მეგობარი, მხატვარი გოგი ჩაგელიშვილი ამბობს, რომ ნიკოსა და ავთოს ბევრი საერთო ჰქონდათ.
„ის სულითა და გულით იყო მხატვარი… მან ფიროსმანი ითამაშა. ახლა რომ „ფიროსმანს“ ვუყურებ, მე ვაიგივებ მათ. ფიროსმანი და ავთო ვარაზი ერთი მგონია. თითქოს ერთია. ფიროსმანის და ავთოს ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს თავისი ექსპრესიულობით, საოცარი ცოცხალი პორტრეტებით. მათში ის პროფესიონალიზმი და თავისუფლებაა, რომელიც იმდროინდელ მხატვრებს აკლდათ“, – თქბვა მხარტვარმა გოგი ჩაგელიშვილმა.
გასული საუკუნის სამოციან წლებში ავთო ვარაზი მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის თავისი თავისუფლების გამომხატველი არაორდინალური ნახატებით. ამიტომაც ავთო ვარაზის ოფიციალური გამოფენა მის სიცოცხლეში არასოდეს გამართულა.
„ამ გამოფენის გამართვა ჩვენი მუზეუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ავთო ვარაზის პერსონალური გამოფენა ბევრჯერ არ მოწყობილა, მის სიცოცხლეში არც კი გამართულა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ამ ადგილს, ამ სახლს ჰქონდა ისტორიული ტრადიცია, აქ იყო კულტურის ცენტრი, აქედან გამომდინარე, კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო აცოცხლებს და აგრძელებს ტრადიციას, რომელიც ამ სახლისთვის იყო დამახასიათებელი“, – ამბობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, მაია კოკოჩაშვილი.
ავთო ვარაზის ნამუშევრებში ხელოვნების მოყვარული მაშინვე ამოიცნობს ავტორს. მისი ხელწერა განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.
მათ კი, ვისაც ავთო ვარაზის განუმეორებელი შემოქმედების გაცნობა სურს, მისი ნამუშევრების ნახვა წინანდალში კიდევ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ.
თორნიკე კოპლატაძე