მთავარიკუბიგაყალბებული კვლევა და შეცდომაში შემყვანი ცნობა - მიხეილ სააკაშვილის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

გაყალბებული კვლევა და შეცდომაში შემყვანი ცნობა – მიხეილ სააკაშვილის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლების  ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განსახილველი თემა ამჟამად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაა, ამავდროულად, მოიმატა დეზინფორმაციამაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეეხება.

ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია დამოუკიდებელი ფაქტ-ჩეკერის „მითების დეტექტორის“ ცნობით,  გავრცელდა 8 ნოემბერს, ვებგვერდ onews.ge-ზე სათაურით „დიდი სკანდალი – მიშა ციხიდან გაიქცა?“ სტატიაში გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სააკაშვილი თვითმფრინავით გაემგზავრა, სტატიას ახლდა პლატფორმა „ფლაიტრადარიდან“ გადაღებული ფოტოც, რომელზეც ჩანდა, როგორ გადაადგილდებოდა სამგზავრო თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში. ეს ყალბი ამბავი სწორედ მაშინ გავრცელდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო კლინიკაში გადაიყვანეს და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი.

სტატია ეყრდნობოდა რონდელის ფონდის მკვლევარ ზურა ბატიაშვილის ვარაუდს. სააკაშვილის რეალური ადგილსამყოფელის გასაჯაროების შემდეგ ზურა ბატიაშვილმა წაშალა პოსტი, თუმცა ვებგვერდზე ინფორმაცია არ ჩასწორებულა და 4 საჯარო ჯგუფში ერთდროულად გამოქვეყნდა.

9 ნოემბერს ფეისბუკგვერდმა „ეროვნული ამბები – National News“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ “EMB-research” შეისწავლა, რა  დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტთან დაკავშირებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ  მოსახლეობის 82% მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას უჭერს მხარს.

თუმცა ეს კვლევა, „მითების დეტექტორის“ ცნობთ, ღია წყაროებში არ იძებნება.  EMB research-ის სახელით მხოლოდ ერთი – ფილიპინებში დაფუძნებული ორგანიზაცია იძებნება, რომლის მისიაც გარემოზე ზრუნვა, დაცვა, აღდგენა და გაუმჯობესებაა. შესაბამისად, მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ კვლევას არ ატარებს.

კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გამოქვეყნდა გვერდზე „მიხეილ სააკაშვილი – ლიდერი“. პოსტს ახლავს თელ-ავივში გადაღებული პლაკატის ფოტო, რომელზეც გამოსახულია სააკაშვილი, იქვეა  წარწერები: „ყველანი მიშასთვის“ და  „თავისუფლება მიშას“.

გავრცელებულ პოსტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. არ არის მითითებული ამ ფოტოს გადაღების თარიღი, შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თელ-ავივში გამოკრული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი ახალია, თუმცა ფოტო ინტერნეტში 2007 წლიდან იძებნება  და ის მიხეილ სააკაშვილის იმდროინდელ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

ამის შესახებ ფოტომასალა გხვდება ებრაულ გამოცემაში. ფოტო თელ-ავივში აიალონის გზატკეცილზე სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროსაა გადაღებული, მისი ავტორი კი ფოტოგრაფი შარონ ბუკოვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend