მთავარისაქართველო#ფხიზლადსაჭესთან - ნასვამი მძღოლები უფრო მკაცრად დაისჯებიან

#ფხიზლადსაჭესთან – ნასვამი მძღოლები უფრო მკაცრად დაისჯებიან

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურად დასრულების სტატისტიკაში მეორე ადგილზე, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მიერ გამოწვეული ტრაგედიებია.

2020 წლის განმავლობაში, ალკოჰოლური სიმთვრალე საჭესთან მყოფ 17 833 მძღოლს დაუდგინდა. იგივე პირებიდან დარღვევა 533-მა გაიმეორა. 2021 წლის 3 კვარტალის მონაცემებით ამ დარღვევების რიცხვმა 16,986-ს მიაღწია.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს სანქციები. ცვლილების პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა და 2021 წლის 7 ნოემბრიდან ძალაში შევიდა.

„სამოქალაქო საზოგადოება წლებია ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. ვიცით, რომ საქართველოში ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობიდან, მეორე ადგილზე ნასვამი მძღოლების მიერ ჩადენილი დანაშაულები მოდის. ეს ახალი ცვლილებები, რომელიც 7 ნოემბრიდან შევიდა ძალაში, დიფერენცირებულ მიდგომას გულისხმობს ალკოჰოლის დოზების განსაზღვრის შესაბამისად“, – ამბობს საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.

ახალი რეგულაციების თანახმად,  თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. ხოლო, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის მიერ მოხდება განმეორებით მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

დასჯადობის გამკაცრების მიუხედავად, გვაქვს შემთხვევები, როდესაც არა განმეორებით, არამედ სანქციის მოქმედების პირობებში, მძღოლები მესამედ ჩადიან იგივე დარღვევას. საზღვარგარეთის ცალკეულ ქვეყნებში, არსებობს პირდაპირ პატიმრობა საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვის დაფიქსირების შემთხვევაში. ვისურვებდით, რომ ამ მიმართულებითაც მიგვეღო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო მეტ პრევენციას უზრუნველყოფს“, – აღნიშნავს ირაკლი იზორია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტი პრევენციისთვის მხოლოდ კანონის გამკაცრება და სანქციების დაკისრება არ არის საკმარისი. მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერისთვის,  პირველად საქართველოში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. მისი მიზანია დაეხმაროს მძღოლებს, თავი აირიდონ საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვისგან. პროგრამა 3 წლის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და თელავში განხორციელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.lpdd.net) ონლაინ რეგისტრაციით შეუძლია. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს, „Georgia Global Connections“-ისა და “ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და ის შვეიცარიაში მოქმედ მოდელს ემყარება.

„პროგრამა, სამუშაო ტიპის შეხვედრებს მოიცავს. ჩვენი ტრენერები დატრენინგებული არიან შვეიცარიელი ექსპერტების მიერ და მათ ზუსტად იციან, როგორ გაუწიონ მხარდაჭერა მძღოლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის საჭის მართვისგან თავის არიდებას. საქართველოში ეს არის პირველად შეთავაზებული პროგრამა, რომელიც სამი წლის განმავლობაში საპილოტედ განხორციელდება და დარწმუნებული ვართ, რომ დიდი ინტერესი იქნება მოქალაქეების მხრიდან ჩაერთონ ამ პროგრამაში“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი განმხორციელებელი, „Georgia Global Connections“-ის დირექტორი ირმა ბარბაქაძე.

საქართველოში, 2020 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის დაქვემდებარებაში აღრიცხული 4,999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოვლინდა, დაშავდა 6,640 ადამიანი, ხოლო 450 გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული 5 წლის სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველწლიურად 300-დან 500 მოქალაქემდე მერყეობს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend