საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მეხუთე კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანად დანერგვას საქართველოში.
ცირკულარული ეკონომიკის სისტემის დანერგვა გულისხმობს ნარჩენების აღმოფხვრას, მოხმარებული რესურსების ხელახლა და მუდმივ გამოყენებას და ნარჩენების გადამუშავებას. კონფერენცია საქართველოში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით იმართება. შვედეთის ელჩის ულრიკ ტიდესტრომის განცხადებით, დღეს მსოფლიო ხაზოვან ეკონომიკის მოდელს მოიხმარს, რაც ცვლილებას საჭიროებს.
„დღეს ჩვენ ხაზოვანი ეკონომიკის მოდელს მოვიხმართ. მოვიპოვებთ რესურსებს, მოვიხმართ და შემდგომ ვაგდებთ. ეს არის წარსულის მოდელი. მომავალი კი ცირკულარული ეკონომიკაა და ამ მიმართულებით საქართველო პროგრესირებს. დღევანდელი კონფერენცია ამის კარგი მაგალითია. კონფერენციაზე ვხვდებით ქართველ პარლამენტარებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ყველა სექტორია გაერთიანებული, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ცირკულარული ეკონომიკის კუთხით, რეგიონში საქართველო ნამდვილად მოწინავე ქვეყანაა“, – განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩმა.
თბილისში გამართულ კონფერენციას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის, სოციალური მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტმა დარიუშ პრასეკმა კონფერენციაზე მყოფ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მთავარი ასპექტები; თუ როგორ შეიძლება სისტემის ეფექტიანად დანერგვა და ამ პროცესში პოლიტიკის შემქმნელებს რა კონკრეტული როლი გააჩნიათ.
„რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ეს არის ნედლეულის მოგროვების პროცესი, რომელიც შემდგომ გადაიქცევა იმ პროდუქტად, რომელსაც მოვიხმართ და შემდგომ მათი გადაყრით ვქმნით ნარჩენების დიდ რაოდენობას. ამავე დროს წარმოვქმნით სათბურ გაზებსა და სახიფათო მასალებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ რადიკალურად შევცვალოთ წარმოებისა და მოხმარების მეთოდები და ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა უნდა შევეცადოთ შევამციროთ ნარჩენების ზრდა, ვიფიქროთ უფრო მეტი პროდუქტების გადამუშავებაზე იმისათვის, რომ პროდუქტმა უფრო დიდხანს გაძლოს და ფუჭად არ დაიხარჯოს მასალა”, – ამბობს დარიუშ პრასეკი.
კონფერენციის ორგანიზატორი ორგანიზაციის საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისის” ხელმძღვანელის მარიამ ქიმერიძის თქმით მიზანი ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებაა.
„შემდეგი ეტაპი არის საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის შეფასება, ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებაა და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბება, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნაა და იმ ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რომელიც ევროპის ქვეყნებში უკვე წარმატებითაა წარმოდგენილი”, – თქვა „ორქისის” ხელმძღვანელმა მარიამ ქიმერიძემ.