მთავარი საქართველო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თავად მესამე პრეზიდენტის გარეშე გაიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თავად მესამე პრეზიდენტის გარეშე გაიმართა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თავად მესამე პრეზიდენტის გარეშე გაიმართა. 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმეს სამი მოსამართლე განიხილავდა. ამ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული ჰქონდა წინასწარი პატიმრობა – აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ გააუქმა. დღევანდელ პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა მოსამართლეების აცილების საკითხიც დააყენეს, თუმცა მოგვიანებით სხდომა შეწყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ იმ ადვოკატების დაშვებაზე თქვა უარი, რომლებიც პროცესის დაწყებისას დარბაზში არ იყვნენ.

„ეს იყო ყველაფერი, სასამართლო პროცესის გარდა. ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე. ამ შემთხვევაში, ეს სახე გამოიხატება სამ მოსამართლეში. მათ პროცესი ჩაატარეს ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დღევანდელ პროცესში. ეს გააკეთეს ჭორების და სუსის ბრიფინგების საფუძველზე, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცა. გამოდიან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე რაღაც ბრალდებას გაისვრიან და მერე ამის საფუძველზე მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას. მეორე საკითხი, რაც ასევე გაუგონარი რამ არის, არის ის, რომ ადვოკატებს არ მოგვცეს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. ეს ხომ სასამართლო არ არის. აქ არის მხოლოდ ორი მხარე – მოსამართლე და პროკურატურა, რომლებიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენენ. დაცვის მხარე არ არსებობს ბუნებაში და მივიღეთ მოცემულობა, როდესაც დარბაზში სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდების მხარე და სასამართლო“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას – რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიკიური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. ეს ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლები აღკვეთას ითვალისწინებს.

„7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. მას მისჯილი აქვს თვისუფლების  აღკვეთა 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას. იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“ – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა თავად ბრალდებულ მესამე პრეზიდენტს, მაგრამ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა პატიმარი სააკაშვილის გადაყვანაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. უწყებამ ამის მიზეზად დაასახელა შესაძლო დესტრუქციული მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერების მხრიდან და ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთაზეც წარუდგინა ბრალი, თუმცა ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. უკვე ცნობილია 7 ნოემბრის ეპიზოდზე შემდეგი სასამართლოს სხდომის თარიღი და ეს 29 ნოემბერია.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მისი ნების საწინააღდმეგოდ მოხდა, რის გამოც უარს აცხადებს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე და აგრძელებს შიმშილობას. 10 ნოემბერი მიხეილ საკაშვილისთვის შიმშილობის 41-ე დღეა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

პრეზიდენტიპრეზიდენტი

Send this to a friend