იაპონიას სურს ნახშირბადნეიტრალურ ქვეყნად იქციოს. ამავე დროს იგი ნაკლები გამონაბოლქვის მქონე ახალ ტექნოლოგიას უზიარებს იმ განვითარებად ქვეყნებს, რომლებსაც ხშირად სათბური აირების შესამცირებლად ფული არ ჰყოფნით. ამის კარგი მაგალითია კენია.
კომპანია Krystalline Salt-ი თავის წყალსატევებიდან ყოველ წელს 250 ათას ტონა მარილს აწარმოებს. ეს ერთ-ერთი აღმოსავლეთაფრიკული საწარმოა. ამ კომპანიამ მოახერხა, რომ იაპონიასთან თანამშრომლობის წყალობით ნახშირბადის გამონაბოლქვი 25 პროცენტით შეემცირებინა.
კომპანია ელექტროენერგიას კენიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მზის ელემენტების სისტემიდან იღებს. ყოველ წელს ეს სისტემა, რომელსაც იაპონია აფინანსებს, წელიწადში 1.6 გიგავატ/საათ სუფთა ელექტროენერგიას აწარმოებს, რაც საწარმოს ადგილობრივი არასტაბილური ელექტრომიწოდების პრობლემას უხსნის.
დინეშ შიკოტრა, კომპანია KRYSTALLINE SALT-ის გენერალური დირექტორი:
„ჩვენი მთავარი პრობლემა ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდებაა. დღეში შესაძლოა, დენი ხუთჯერ გაითიშოს, რაც ჩვენს წარმოებას ხელს უშლის. ამის შედეგად მოთხოვნას ვეღარ ვპასუხობთ.“
არასტაბილურმა ელექტრომომარაგებამ კომპანია აიძულა, 2016 წლამდე ინვესტიციები ჩაედო ძვირ გენერატორებში, რომლებიც გარემოს ძალიან აბინძურებს. 2016-ში კი მზის ელექტროსადგური ააშენეს.
დინეშ შიკოტრა, კომპანია KRYSTALLINE SALT-ის გენერალური დირექტორი:
„ჩვენი ოცნება იყო, რომ მზის ენერგია გვქონოდა. გავიგეთ, რომ კენიისა და იაპონიის მთავრობები ერთიანი დაკრედიტების მექანიზმზე შეთანხმდნენ. მათთან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ, სწორედ ისინი დაგვეხმარნენ, რომ გრანტი აგვეღო და ეს დიდებული მზის ელექტროსადგური აგვეგო.“
„დაკრედიტების ერთიანი მექანიზმი“ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატია იაპონიასა და 17 განვითარებად ქვეყანას შორის. ეს ნახშირბადის ბაზრის მექანიზმია, რომელიც 2013 წელს პარიზის ხელშეკრულების მეექვსე მუხლის ფარგლებში შეიქმნა. ეს მექანიზმი უფლებას აძლევს იაპონიას, რომ კარბონნეიტრალიტეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და რესურსები მთელ მსოფლიოს გაუზიაროს.
ანე ნიატიჩი ომამბია, გარემოს დაცვის მართვის ეროვნული ორგანო NEMA -ს კოორდინატორი:
„ეს მექანიზმი ნახშირბადის დაბალი გამონაბოლქვის მქონე პროექტების განვითარებას უჭერს მხარს ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უნარ-ჩვევების გაზიარების გზით. ეს არის ერთ-ერთი ფორმატი, რომლის საშუალებითაც კერძო კომპანიებსა და თავად მთავრობასაც შეუძლია, ნახშირბადის რაოდენობა შეამციროს და ამავე დროს მრეწველობის ზრდა უზრუნველყოს.“
Krystalline Salt-ის მზის ელსადგურმა კომპანიას შესაძლებლობა მისცა, წარმოება გაეზარდა და ელექტროენერგიის გადასახადი დაეზოგა, დაზოგილი თანხის ნაწილი კი სოციალურ პროექტებში ჩაედო, როგორიცაა, მაგალითად, სტუდენტური გრანტები.
დინეშ შიკოტრა, კომპანია KRYSTALLINE SALT-ის გენერალური დირექტორი:
„2016 წელს ამ ელსადგურის ამოქმედებიდან ნახშირბადის გამონაბოლქვი 5 ათასი ტონით შევამცირეთ, უფრო მეტი ადგილობრივი დავასაქმეთ და ეს ყევლაფერი ჩვენს ზრდაზე აისახა.“
მასაის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში იაპონიის კიდევ ერთი სუფთა ენერგიის პროექტი ხალხის ცხოვრებას ცვლის.
დევიდი შორეულ სოფელში ცხოვრობს, სადაც ელექტროენერგია არ არის. მზის ფანარი მას სახლში ღამე მეცადინეობის საშუალებას აძლევს. ბიჭი ჩართულია იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის Panasonic-ის პროექტში, რომელსაც „გაანათე მომავალი ეწოდება.“
დევიდ ნკურუნა, ილკიმატის ILKIMATI სკოლის მოწაფე:
“როდესაც შეშასა და ნავთის ლამფას ვიყენებდით, კვამლის გამო მეცადინეობა ძალიან მიჭირდა. როდესაც ეს სანათურები მივიღეთ, ჩემი ნიშნები გაუმჯობესდა, რადგან უკეთ ვმეცადინეობ.“
მზისელემენტიანი ფანარი საჩუქრად ილკიმატის დაწყებითი სკოლის 350-ივე მოწაფეს გადაეცა. ამ აქციის მიზანია, სკოლაში უფრო მეტი მოსწავლე მივიდეს და მათი აკადემიური მოსწრება გააუმჯობესოს.
ლორენს ნზაი, WORLD VISION KENYA-ს წარმომადგენელი:
„სკოლაში მეტი მოწაფე შემოვიდა, მაგრამ ამ პროექტის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და გაცდენების შემცირება იყო, რადგან როდესაც ბავშვები საშინაო დავალებას ვერ ასწრებდნენ, სკოლაში აღარ მიდიოდნენ, რადგან ეგონათ, დაისჯებოდნენ“.
ამავე პროექტის ფარგლებში სკოლას მზის პანელებიც გადასცეს, რისი წყალობითაც სკოლაში გაკვეთილების რაოდენობა გაიზარდა.
პურიტი კოიკაი, ილკიმატის ILKIMATI დაწყებითი სკოლის მასწავლებელი:
“ადრე დენი არ გვქონდა. სკოლაში ელექტროსადგურის მოწყობის შემდეგ შეგვიძლია გაკვეთილები საღამოსაც ჩავატაროთ. ბავშვები ყოველ საღამოს მოდიან და მერე შინ ბრუნდებიან.“
ავტორი: მონიკა პინა