მთავარი საქართველო სუს-ი აქციის ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის...

სუს-ი აქციის ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

„მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს“, – განაცხადეს უწყებაში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend