მთავარისაქართველომესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებზე საუბრობენ სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი

მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებზე საუბრობენ სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი

„სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები” - სახელმწიფო ინსპექტორი

გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულება ის ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისაღებად განიხილავს. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებზე კი  სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი საუბრობენ.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით. საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კერძოდ, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და იგი არ არის აღჭურვილი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მას ვერ მიაწოდებენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. 36 დღეა შიმშილობს. მისი უფლებადამცველები ამბობენ, რომ იგი ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული ყველა უფლებით.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს სასამართლოში გამოცხადების უფლება. ამ დრომდე არცერთი სასამართლო პროცესი არ ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ 2 საქმე იხილება არსებითად საქალაქო სასამართლოში, ხოლო მესამე საქმეზე წარედგინა ბრალდება. მიხეილ საკააშვილს აქვს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის უფლებას და სიცოცხლის უფლებას – ამ მიმართულებითაც გვაქვს ფუნდამენტურად დარღვევა ხელისუფლების მხრიდან. მთავრობის მიერვე შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ სამოქალაქო პროფილის კლინიკაში. სამოქალაქო პროფილი სიტყვასიტვით არ ეწერა, მაგრამ კლინიკის დახასიათება და ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რაც იყო ამ კონსილიუმის რეკომენდაციაში, შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ სამოქალაქო კლინიკას“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცვლელია – საჭიროების შემთხვევაში, პატიმარ სააკაშვილს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადაიყვანენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ეს დაწესებულება სამედიცინო კონსილიუმის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს 2021 წლის 20 ოქტომბერს პროკურატურამ საზღვრის უკანონო კვეთისთვისაც წარუდგინა ბრალი. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე არ ჩანიშნულა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend