მთავარისაქართველოკორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები, გარდაცვლილები, ინფიცირებული ბავშვები და ორსულები

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულები, გარდაცვლილები, ინფიცირებული ბავშვები და ორსულები

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ეპიდსიტუაციის ანალიზის შესახებ მეშვიდე ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიშს აქვეყნებს. კვლევა 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

კორონავირუსით გარდაცვლილები

საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ლეტალობის მაჩვენებელი 1,46%-ია. ერთ დღეში კოვიდ-19-ით დაღუპულთა მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში პანდემიის მეორე ტალღის დროს და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს დაფიქსირდა.

2021 წლის 4 აპრილიდან 2021 წლის  პირველ ოქტომბრამდე არსებული მონაცემებით, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა 51% მამაკაცი იყო, 48% კი -ქალი. ანუ კოვიდ-19-ით ლეტალობის შემთხვევა მცირედით, თუმცა მამაკაცებში უფრო მაღალია.

გარდაცვლილთა ასაკობრივი ჯგუფები

გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი, 18%-ზე მეტი 80-დან 84 წლამდე ასაკის იყო. ლეტალობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 15-დან 19 წლამდე მოზარდებშია.

კვლევას ახლავს განმარტება, რომლის მიხედვით, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მძიმე ან კრიტიკული იყო. კოვიდ-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები ან გართულება.

თანხმლებ დაავადებათა შორის გარდაცვლილ ინფიცირებულთაგან ყველაზე მეტს 69%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა. ხოლო ყველაზე ცოტას, 4,4%-ს – ფილტვის ქრონიკული დაავადება.

რაც შეეხება გართულებებს –  მათ ძირითადად პნევმონია, სუნთქვისა და გულის უკმარისობა აღენიშნებოდათ.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები

საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 2020 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 614 ათასზე მეტი შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული. მათ შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები ინფიცირებულთა 10%-ს შეადგენენ, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები – 12%-ს, 60 წლის და უფრო მეტი ასაკის პირები კი – 22%-ს.

ასევე საინტერესოა ის, რომ 2020 წლის 26 იანვრიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულების დიდი ნაწილი ქალია. ამ პერიოდის განმავლობაში ინფიცირებუთა 57%-ს სწორედ ქალები, ხოლო 43%-ს კაცები წარმოადგენდნენ.

გამოჯანმრთელებულები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევაში საუბარია კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სტატისტიკის შესახებაც. საქართველოში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი 2020 წლის 16 მარტს გაეწერა სახლში. თუმცა საინტერესოა ის, რომ ის არ ყოფილა ქვეყანაში პირველი ინფიცირებული.

2021 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,4% გამოჯანმრთელდა, 1,46% გარდაიცვალა. პროცენტის დანარჩენ ნაწილს კი იმ მომენტისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა წარმოადგენდა.

კორონავირუსი და ბავშვები

2021 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა შეადგენდა 90 ათასს, ანუ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის 14,8%-ს. კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ით უფრო მეტად გოგონები ავადდებოდნენ, ვიდრე – ბიჭები. ინფიცირებული ბავშვებიდან სტაციონარში მკურნალობა 7 ათასზე მეტს ჩაუტარდა. მათგან 8 გარდაიცვალა.

COVID-19 ორსულებში

კვლევაში ცალკე არის გამოყოფილი ორსულთა ინფიცირების შემთხვევები, რომლის თანახმადაც, 7 338 ორსული დაინფიცირდა კოვიდ-19-ით. დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მაღალი წილი 35-დან 39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ყველაზე ნაკლები – 18 წლამდე ასაკის ორსულებში.

რეგიონების მიხედვით, დადასტურებულ შემთხვევათა წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ძალიან დაბალია სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 ორსული. მათგან არცერთი არ იყო ვაქცინირებული.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინფიცირების მაჩვენებელი

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის, კოვიდ-19-ის დადებითი შემთხვევების პროცენტული განაწილება მათი საქმიანობის მიხედვით ასეთია:

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36,3% გამოვლინდა ექთნებში.

ექიმებში – 30,1%  – ექიმებში.

სანიტრებში – 9,7%  – სანიტრებში.

ხოლო არასამედიცინო პერსონალში – 23%-ზე მეტი.

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ინფიცირებულთა შორის 82% ქალი იყო. 18% კი – მამაკაცი. რეგიონების მიხედვით, ექიმებისა და ექთნების ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა ჯანდაცვის 117 მუშაკი. მათგან 40% მამაკაცი იყო, 59% კი – ქალი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვიდე გადახედვის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ჩატარებულია 9 მილიონზე მეტი პისიარ და სწრაფი ტესტი. ტესტირებათა დღიური საშუალო რაოდენობა 16 ათასამდეა. ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ზე ტესტირებას 58 ლაბორატორია ატარებს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend