გვიანობამდე გაგრძელდა შეხვედრა, რომელზეც ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება განიხილებოდა. საბოლოოდ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2 ხმის სხვაობით მიიღეს. თუკი ქნესეთი ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ დაამტკიცებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში რიგით მეხუთე არჩევნები დაინიშნებოდა.
2018 წლის შემდეგ ქნესეთმა პირველად დაამტკიცა ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტი. მოლაპარაკებები დილის 5:30-მდე გაგრძელდა, დოკუმენტის მიღებას ორი ადამიანით მეტმა დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის წყალობით კენჭისყრაში მონაწილეობა ახლად ჩამოყალიბებული კოალიციის ყველა დეპუტატმა მიიღო.
ნაფტალი ბენეტის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი ისრაელის სახელმწიფოს სტაბილურობისა და ეკონომიკისთვის. მისი თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს გამოყენების, ჩავარდნილი მმართველობის, სისტემის პარალიზების 3-წლიანი პერიოდისა და ქვეყანაში ჩატარებული არაერთი არჩევნების შემდეგ მთავრობამ შეისმინა ისრაელელების ხმა.
„ლიკუდის“ პარტიის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ამბობს, რომ ისინი გააგრძელებენ ამ უნიათო მთავრობასთან ბრძოლას. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მთავრობა გაუშვან და ისრაელი დაუბრუნდეს განვითარების სწორ გზას. მათ სჯერათ, რომ ღმერთის წყალობით, ყველაფერი წარმატებით დასრულდება და სიმართლე იზეიმებს.
თუკი ქნესეთი ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ დაამტკიცებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, დაინიშნებოდა მორიგი ვადამდელი არჩევნები, რომელიც 3 წელიწადში ქვეყანაში გამართული რიგით მეხუთე არჩევნები იქნებოდა.