საქართველოში დღეს ისეთივე ეპიდვითარებაა, როგორიც აგვისტოში, მეოთხე ტალღის პიკის დროს იყო, თუმცა ერთი განსხვავებით, ახლა კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
თუ ბოლო სამი დღეა, ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის 5-6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, მომავალი კვირის განმავლობაში შესაძლოა, დღეში 7 ათასი, ან მეტი ახალი ინფიცირებული გამოვლინდეს.
„სამწუხაროდ, ისევ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ისევ ხშირია სხვადასხვა მიზეზით თავშეყრები. მობილობა სერიოზულადააა გაზრდილი, რაც ხელს უწყობს ეპიდვითარების გაუარესებას. ნოემბერ-დეკემბერი საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ, რომ ამ დროს აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ არის ქვეყანაში, თუმცა არის სხვა ვირუსები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, რომელიც 15 მარტიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდს ასახავს, ორივე დოზით აცრილ ადამიანებს ვაქცინა 90%-ით იცავს, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისგან – 93,4%-ით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რომ არ მოხვდენენ – 97,5%-ით, ხოლო გარდაცვალებისგან – 98,95%-ით.
“კორონავირუსით გარდაცვლილთა 99% არის აუცრელი, 1% კი – ვაქცინირებული. ქვეყანაში სულ 57 ვაქცინირებული გარდაიცვალა. ასაკი არის ყველაზე დიდი რისკი. ჩემი ასაკის ადამიანები იღუპებიან კორონავირუსით ყველაზე ხშირად. ძალიან ცუდი პროგნოზი ისაა, რომ როცა ძალიან ბევრ ქვეყანას კორონავირუსი მოშორდება, ჩვენთან მაინც იქნება. ასეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება ეს კორონა”, – ამბობს პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ ქვეყანაში კვლავ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ ეპიდვითარება უკონტროლო გახდება. ასევე არ არის გამორიცხული ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნა, რადგან ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთათვის გამოყოფილი 8 871 საწოლიდან 6 648 უკვე შევსებულია. თუმცა დღეს საბჭოს განხილვის მთავარი თემა ე.წ. მწვანე ბარათები იყო, რომელიც აუცრელ მოქალაქეს გარკვეულ აქტივობებში ჩართვას შეუზღუდავს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება იგეგმება. ვაქცინაციის ტემპი რომ გაიზარდოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დახმარებისთვის საპატრიარქოსაც მიმართა.
„ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, როცა ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა ტუბერკოლოზის მართვის პროგრამაში. იმ პირებს, რომელთაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეკლესიის მხარდაჭერა სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
საქართველოში დღეში დაახლოებით 50 პირი კორონავირუსის გამო იღუპება. ემიდემიოლოგები უკვე მეორე წელია ამბობენ, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ვაქცინაციის ტემპი კი საქართველოში უკვე მესამე თვეა დაბალია.
ანანო ღუდუშაური