მთავარისაქართველორატომ ძვირდება საქართველოში საწვავი

რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასი ხშირად იცვლება. საცალო ქსელში არსებული ფასები 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. დღეისათვის ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი;

პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი;

სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი;

დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ლარი;

ევრო დიზელის საწვავი – 2,87-3,07 ლარი

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ აცხადებენ, რომ გლობალურ ბაზარზე პროგნოზები არადამაიმედებელია, რაც შესაძლოა ახლო მომავალში საწვავზე ფასის კიდევ უფრო მატებაში გამოიხატოს. საქართველოში საწვავის ფასების სტაბილიზაციის ან შემცირებისთვის, დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ სახელმწიფომ აქციზის გადასახადის სტანდარტს უნდა გადახედოს. აქციზის არსებული გადასახადი ტონაზე ბენზინს – 500; ხოლო დიზელს – 400 ლარით აძვირებს.

„ერთთვიან ჭრილში ფასები საშუალოდ 10-20 თეთრით არის გაზრდილი. საწვავის ფასის ნიშნულზე საქართველოში ძირითადად სამი მთავარი ფაქტორი ახდენს გავლენას – ნავთობზე საერთაშორისო ფასი, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში და სახელმწიფო გადასახადები, განსაკუთრებით კი აქციზი. თუ აქციზის გადასახადი შემცირდება, ან დროებით მოიხსნება, ბუნებრივია საწვავზე ფასიც შეიცვლება, ძირითადად კლებისკენ. სამწუხაროდ, მომავლის პროგნოზები პესიმისტურია, რადგან ახლო პერიოდში ბაზარზე მოქმედ ავტოგასამართ სადგურებს, კვლავ შეიძლება მოუწიოთ საწვავზე ფასის ზრდა“, – აცხადებს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის ინფლაციის წლიურმა დონემ 12,8% შეადგინა. ინფლაცია, სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირების ან გაიაფების ერთ-ერთი ფაქტორია. გაზრდილმა ინფლაციამ უკვე გავლენა იქონია ფასების მატებაზე, თითქმის ყველაფერზე. მაგალითად, წლიურ ჭრილში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 9,2%-ით, სურსათი და ალკოჰოლური სასმელები 3%-ით, ტრანსპორტი 19,6%, კომუნალური გადასახადები 11,9% ხოლო ჯანდაცვა 8,4%-ით გაძვირდა. ეს გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების არასრული ჩამონათვალია. ინფლაციის გარდა, ბაზარზე ფასების ზრდაზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწვავის ფასიც. როგორც „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში“ ამბობენ, თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობას სამომხმარებლო კალათი უფრო გაუძვირდება.

„სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასზე სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბუნებრივია საწვავზე არსებული ტარიფები. რადგან, საქართველო ძირითადად იმპორტიორი ქვეყანაა და დისტრიბუციით ხდება ქსელში პროდუქციის განაწილება. ამიტომ, თუ საწვავი ძვირდება – ძვირდება ფასებიც. რადგანაც საწვავის გაძვირება კვლავ არის ნავარაუდევი, დიდი ალბათობით საქართველოში ყველაფერი გაძვირდება. აქ, არ არის საუბარი იმაზე რომ მოქალაქეს მხოლოდ გაუძვირდა საწვავი და გადაადგილება, ამაზეა მიბმული სხვა ყველაფერი დანარჩენის ფასები. დაწყებული საკვებიდან, დამთავრებული ტრანსპორტით“, – ამბობს „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია.

რადგანაც საქართველოში ინფლაცია მაღალია, ლარის კურსი მერყევი და ვერც ინვესტორების სიჭარბით სრულდება 2021 წელი, ეკონომისტების ვარაუდით, ახლა ყველაფერი OPEC-ის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუ მსოფლიოში ბარელი ნავთობის ღირებულება გაიზრდება, ქართველ მძღოლებს ავტოგასამართ სადგურებსა და შესაბამისად სავაჭრო დახლებზე, ახლებურად რეკორდული მაღალი რიცხვები დახვდებათ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend