მთავარი გადაცემები სხივი ჰონგ-კონგის ევროპული ბიზნესი

ჰონგ-კონგის ევროპული ბიზნესი

ჰონგ-კონგის ეკონომიკის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპული ბიზნესი, იქნება ეს ფინანსური ტექნოლოგიები, ქალაქებში სახურავებზე გაშენებული ბაღ-ბოსტნები თუ სხვა ტიპის დამწყები, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები.

ამ ქალაქმა თავიდან კოვიდის პანდემიის ყველაზე ცუდი სცენარის აირდება მოახერხა. მრავალმა დამწყებმა ბიზნესმა, მათ შორის ევროპულმაც, ეს ვითარება მოხერხებულად გამოიყენა.

ასეთია, მაგალითად, კომპანია Rooftop Republic-ი, რომელმაც მთელ ქალაქში შენობების სახურავებზე 70 ბაღ-ბოსტანი გააშენა.

პოლ ფაბრეგა, კომპანია Rooftop Republic-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„რატომ ჰონგ-კონგი? იმიტომ, რომ ჰონგ-კონგი შესანიშნავი ადგილია ქალაქში ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის, რადგან ეს ზღაპრული ქალაქია. აქ უამრავი ცარიელი სახურავია. ჩვენ ხელსაყრელი გარემო დავინახეთ, რომ ეს სახურავები უბრალოდ კი არ გაგვემწვანებინა, არამედ აქ ბოსტნეული და ხილი მოგვეწია და სხვადასხვა სასურსათო სისტემა შეგვექმნა. ასე რომ, ჰონგ-კონგი ზუსტად შესაფერისი ადგილია… ჩვენი ყველაზე მაღლა გაშენებული მეურნეობა 67-ე სართულზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰონგ-კონგის ულამაზესი ხედი იშლება. ჰონგ-კონგში ზოგადად თვალწარმტაცი ხედებია.“

პოლი თვლის, რომ ბიზნესის თვალსაზრისით, „ჰონგ-კონგი წარმოუდგენლად დინამიკური ადგილია. ეს არის ქალაქი, რომელიც ბიზნესზე დგას, ამას აქ ჩამოსული კაცი ძალიან სწრაფად ხვდება.“

საქმიანობის დასაწყებად მრავალი ევროპული სტარტაპი ირჩევს ჰონგ-კონგს, როგორც გლობალურ ფინანსურ ცენტრსა და აზიის საკომუნიკაციო ჰაბს. როგორც ევროპის სავაჭრო პალატაში ამბობენ, ჰონგ-კონგში მოქმედი  დამწყები ბიზნესების 30 პროცენტი უცხოურია და ამ მაჩვენებლის 60 პროცენტი ევროპიდანაა.

ფრედერიკ გოლობი, ჰონგ-კონგის ევროპის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე:

„ აქ ხუთი საათის სავალის რადიუსში აზიის მოსახლეობის უმეტესობას სწვდები. არაჩვეულებრივი პლატფორმა გვაქვს კონტინენტურ ჩინეთზე გასასვლელად, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის  მხარეს.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა ახალბედა, მცირე კომპანიებისა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად. შექმნა, მაგალითად, ბიზნესინკუბატორები,  კარგი უნივერსიტეტები, სამთავრობო დაფინანსების პროგრამები, ასეთი აქ უამრავია.“

აქ დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესები მთელი ევროპიდან მოდიან. სლოვაკიაში დაფუძნებულმა ფინანსური ტექნოლოგიის ე.წ. ფინტექის  კომპანია  Vacuumlabs-მა  პანდემიის დროს აქ კარგი სარგებელი ნახა.

მაიკლ ბრუკი, კომპანია  Vacuumlabs-ის მმართველი დირექტორი:

„პანდემიამ ძალიან შეგვიწყო ხელი. იმის გამო, რომ ფინანსური სექტორი უფრო გაციფრულდა და ხალხს აღარ სურდა, ქაღალდის ფულს შეხებოდა, ჩვენს სერვისზე მოთხოვნა უბრალოდ კი არ გაიზარდა, ელვის სისწრაფით ავარდა ზემოთ.“

თანაც, როგორც ბრუკი ამბობს, ჰონგ-კონგი  მთელ რეგიონზე გასვლის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა.

მაიკლ ბრუკი, კომპანია  Vacuumlabs-ის მმართველი დირექტორი:

„დღეს ფილიპინების მსგავსი ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აქვს საბანკო ანგარიში, მაგრამ მათ ორ-მესამედს აქვს მობილური ტელეფონი, ამიტომ მათ ციფრულ ეკონომიკასთან დაკავშირება სურთ. ეს ჩვენ ზრდის უზარმაზარ შესაძლებლობას გვაძლევს.“

ბრუკი ამბობს, რომ ჰონგ-კონგის მთავრობის ხელშეწყობის გარდა, აქ დამწყებმა, მცირე და საშუალო ბიზნესებმა ერთმენთის მხარდაჭერის ეკოსისტემა შექმნეს. კომპანია  Vacuumlabs-ი  ამ სისტემაში შუამავალის როლს ასრულებს.

მაიკლ ბრუკი, კომპანია  Vacuumlabs-ის მმართველი დირექტორი:

„თუ დამწყები ფინტექი ხარ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ბაზარზე სწრაფად გახვიდე და ჩვენ ამის დაჩქარება შეგვიძლია. ჩვენ ამ ტიპის კომპანიებს ძლიერ მუხტს მივცემთ, რომ  განვითარების პროცესი დააჩქარონ.“

რას აკეთებს ამდენი ნიჭიერი ბიზნესმენი თავისუფალ დროს? ამ მხრივ ჰონგ-კონგში არ მოიწყენ, რადგან აქ სამუშაო საათების დასაბალანსებლად უამრავი შესაძლებლობაა.

ფრედერიკ გოლობი, ჰონგ-კონგის ევროპის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე:

„მე დილით სირბილი მიყვარს, ხანდახან სალაშქროდაც დავდივარ. თუ დრო მაქვს, იალქნიანი ნავით გავდივარ ზღვაში, ეს ნამდვილად ძალიან მიყვარს.“

ავტორი: კრის ბერნსი

უახლესი

სხვა ამბები

ჰონგ-კონგიჰონგ-კონგი

Send this to a friend