მთავარი საქართველო საქართველოში „მწვანე პასპორტის“ შემოღებაზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოში „მწვანე პასპორტის“ შემოღებაზე მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი რეკორდულ ნიშნულს აღწევს, ვაქცინაციის ტემპი კი დაბალია. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, პანდემიის მართვა რომ გამარტივდეს, საჭიროა, ქვეყანაში დღიურად 40-50 ათასი ადამიანი მაინც იცრებოდეს. თუმცა, იმასაც ფიქრობენ, რომ თუ რაიმე წამახალისებელი ან შეზღუდვა არ იქნება, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება.

„გამოსავლად მიმაჩნია, არაპირდაპირი მანდატორიზმი, ანუ სავალდებულო ზონები იყოს შემოღებული. კოვიდპასპორტების შემოღება მიმაჩნია აუცილებლად და ცალკეული ჯგუფების აცრა მიმაჩნია სავალდებულოდ – პედაგოგები, ექიმები, ორსულები, ძალოვნები თუ სხვა, რაც ეს უკვე გააკეთა თითქმის ყველა ევროპულმა და ამერიკულმა ქვეყანამ. მინიმუმ უნდა შემოვიღოთ სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეულ ჯგუფებში და პლუს პირდაპირ მივუთითებ ხელისუფლებას, გამკაცრდეს არსებული რეგულაციის აღსრულებაზე კონტროლი“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ევროპის უმეტეს ქვეყანაში უკვე მოქმედებს ე.წ. „მწვანე პასპორტი“, საქართველოში კი, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. „მწვანე პასპორტის“ მიმართულებით კი მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ „მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდემიური უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის.

„პასპორტის მიმართულებით ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს, კონცეფცია დამუშავებულია. „მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდემიური უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას. ახლა ვაქცინაციის კუთხით აუცილებელად ისევ მნიშვნელოვანია, აქტიურ და ინდივიდუალურ დონეზე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კამპანიის გაგრძელება, ეს ერთი და მეორე, რესურსი, რომელიც დარჩენილია ქვეყანაში და, რაც ჯერ არ გამოგვიყენებია – ეს არის მწვანე საშვის მექანიზმის გაფართოება უფრო აქტიურად“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია 33.1%. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მედიკოსები ამბობენ, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend