მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში ვირუსის შემთხვევები იმატებს, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

რუმინეთში ვირუსის შემთხვევები იმატებს, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 591 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების 11 073 ახალი შემთხვევა, რუმინეთის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა. ასობით ადამიანი საავადმყოფოებში შესასვლელთან ელოდება, ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში  ადგილები აღარ არის.

“არა, აცრილი არ ვარ და ახლა ძალიან ვწუხვარ, რომ ვაქცინა არ გავიკეთე. ეს იმიტომ კი არა, რომ ვაქცინას არ ვენდობოდი, ეს უყურადღებობით მომივიდა”, -ამბობს ერთ-ერთი პაციენტი.

საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 30 საწოლია. კლინიკაში მოთავსებული პაციენტების უმეტესობა არ არის აცრილი. საავადმყოფოში 150-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, აქ 600-ზე მეტი პაციენტი მკურნალობდა, მათგან 130 ბოლო თვე-ნახევარში.

“სამწუხაროდ, ჩვენთან, რაც ეს საავადმყოფო გაიხსნა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 80%-ია”, – ამბობს ერთ-ერთი კლინიკის ექიმი.

სამშაბათს რუმინულმა სამხედრო თვითმფრინავმა COVID-19-ით ინფიცირებული ექვსი პაციენტი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანა.

თვითმფრინავი ჰამბურგის აეროპორტში დაეშვა. მძიმედ დაავადებული პაციენტები გადაიყვანეს სხვადასხვა ქალაქის საავადმყოფოში – ჰამბურგში, კილსა და ლიუბეკში.

რუმინეთის მოსახლეობის მხოლოდ მესამედზე ნაკლებია ვაქცინირებული, 14 დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

რუმინეთის დასახმარებლად ევროკავშირის კომისიამ ცოტა ხნის წინ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა გააგზავნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend