დავა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თევზჭერის გამო გრძელდება.
ბრექსიტის სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ, გასცენ ლიცენზიები იმ გემებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში თევზჭერას აწარმოებენ.
თუმცა ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების საკითხი კვლავ სადავოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლონდონმა ფრანგული გემებისთვის კუნძულის სანაპიროებთან თევზჭერისთვის ლიცენზია არ გასცა.
თევზჭერის ინდუსტრია ბრიტანეთის ეკონომიკის 0.1 პროცენტს, ხოლო საფრანგეთის მხოლოდ 0.06 პროცენტს შეადგენს.
ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ დაიძაბა ურთიერთობა მხარეებს შორის?
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი მენონ ანანდი აღნიშნავს, რომ თევზჭერა, ეკონომიკური თვალსაზრისით, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, მისი აზრით, ამ სანაპირო ადგილებს პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო აქვს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. დიდ ბრიტანეთში კი ბორის ჯონსონი ცდილობს გაერთიანებული სამეფოს სანაპიროებზე მცხოვრები მოქალაქეების გულის მოგებას, რადგან წლების განმავლობაში ეს ადამიანები პოლიტიკოსებისგან მიტოვებულად გრძნობდნენ თავს. მენონ ანანდი ამბობს, რომ გასაკვირიც კი იქნებოდა, მთავრობას ქვეყნის ამ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეს საკითხი რომ არ წამოეწია.
თუმცა ამ ახალმა უთანხმოებამ შესაძლოა სავაჭრო ომი წარმოქმნას და კიდევ უფრო დააზარალოს ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობა. პროფესორი მენონ ანანდი აღნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ სურს სავაჭრო ომი, თუმცა მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ხდება.
მენონ ანანდის აზრით, ამ უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ საკითხი ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივად განიხილება და არა ვაჭრობისა და თანამშრომლობის იმ შეთანხმების მიხედვით, რომელიც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმდა. მისი თქმით, ფრანგულ მხარეს მიაჩნია, რომ ბრიტანეთი სწორედ ამ შეთანხმებას არღვევს. ევროკავშირი კი, ფრანგების მსგავსად, ჯერჯერობით ასე პირდაპირ არ მოქმედებს. თუმცა მენონ ანანდი აღნიშნავს, რომ თუკი სავაჭრო ომში აპირებს ჩაბმას, ფრანგებისთვის უკეთესი იქნებოდა, ეს შეთანხმებაში გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით დაეწყოთ.
საფრანგეთი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ნოემბრის დასაწყისშია ჩანიშნული.
ევროკავშირი ახლა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო. ამან კი შესაძლოა, გავლენა იქონიოს ბრექსიტის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, როგორიცაა, მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი.