1 ნოემბერს მეხიკოს ცენტრში ქალებმა ფემიციდის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობაზე კატრინასა და ლორონასავით გამოწყობილი ათობით ქალი დასარტყამი ინსტრუმენტებით, პლაკატებითა და შეძახილებით ქუჩაში გამოვიდა.
კატრინა და ლორონა მითოლოგიური პერსონაჟები არიან, რომლებიც გარდაცვლილთა დღის სიმბოლოებად მიიჩნევიან. ეგრეთ წოდებული „კატრინას მსვლელობა“ მეხიკოში 2016 წლიდან მიცვალებულთა დღეს იმართება. მსვლელობის მონაწილეები ძალადობის შედეგად დაღუპული ქალების გამო სამართალს ითხოვენ.
„უმეტესობა კატრინასავით გამოწყობილი მოვა, ეს მსვლელობაც და თარიღიც სიმბოლურია. ჩვენ სამართალს ვითხოვთ არ გვინდა, რომ გაგვაჩუმონ, ქალებმა ხმა უნდა აიმაღლონ, ჩვენც გვაქვს ამის უფლება“, – ამბობს აქტივისტი ხულია კლუგი.
ბეკი ბიოსს ქმარმა სასტიკად სცემა, იგი ორი კვირა კომაში იყო. როგორც ბეკი ამბობს, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
„ჩვენ ძალადობის მსხვერპლი ვართ, ზოგიერთი მჟავით დაწვეს, ზოგი კომაში ჩავარდა, თუმცა სახელმწიფო ამას ვერ ხედავს და ჩვენით არ ინტერესდება. მინდა, რომ ეს ძალადობა ყველამ დაინახოს და გაიგოს, რომ ჩვენ აქ ვართ, ვარსებობთ და ვერასდროს გაგვაჩუმებენ“, – აცხადებს ბეკი.
აიოსიტ რომერო პინედა თავს იღბლიანად თვლის, რადგან თავდასხმას გადაურჩა, დამნაშავე კი დააპატიმრეს. იგი ორშაბათს კატრინასავით მოხატული მსვლელობას იმ ქალების პატივსაცემად შეუერთდა, რომლებიც ძალადობას ემსხვერპლნენ.
„ამ მსვლელობით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ისინი არ დაღუპულან, ისინი ისევ აქ არიან. ჩვენ ამ ქალებს წარმოვადგენთ“, – ამბობს პინედა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მექსიკაში კორონავირუსის პანდემიის დროს 3723 ქალთა ძალადობრივი მკვლელობა დაფიქსირდა, აქედან 940 ფემიციდის მსხვერპლი იყო. მიცვალებულთა დღეს ოჯახები იკრიბებიან, აწესრიგებენ და ყვავილებით ალამაზებენ საფლავებს. სასაფლაოებსა და სახლის საკურთხევლებში ოჯახის წევრები სანთლებს ანთებენ და გარდაცვლილ ნათესავებს საყვარელ კერძებსა და სასმელებს სწირავენ.