საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს – პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ეს თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორმა წევრმა – თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ დაკავებული პოზიციები უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვეს. 31 ოქტომბერს, უქმე დღეს, საქართველოს მოსამართლეთა 30-ე კონფერენცია გაიმართა. 260-ზე მეტმა მოსამართლემ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები. კანდიდატებს 4 დღეში უნდა მოესწროთ კოლეგებისთვის საკუთარი გეგმებისა და ხედვების გაზიარება. მოსამართლეთა გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კრიტიკულად შეაფასეს. მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტშიც, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს ხელი.
„საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკანგადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა“ – ნათქვამია კარლ ჰარცელის მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოს ახალი წევრების არჩევას გამჭვირვალედ და სამართლიანად არც არასამთავრობო სექტორის ნაწილი აფასებს.
„ყველაზე ტრაგიკული სწორედ ის არის, რომ კვირას გამართულ კონფერენციას 260-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა და სამწუხაროდ, ერთმა მათგანმაც არ დასვა კრიტიკული შეკითხვები კანდიდატების მიმართ. რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უზრუნველყოფდნენ სასამართლო სისტემის უკეთესად და უფრო გამართულად მუშაობას, ან ახლა რა პრობლემებს ხედავენ სისტემაში – მსგავსი კითხვები საერთოდ არ დასმულა და ფაქტობრივად, მოსამართლეებმა ღიად თქვეს უარი საკუთარ თვითმმართველობაზე. მათ უბრალოდ მექანიკურად დაუჭირეს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებიც შიდა გავლენის ჯგუფის მიერ იქნენ ნომინირებული“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.
მიმდინარე წლის 12 ივლისს საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც აირჩიეს. ამ პროცესს ეუთო/ოდირის შეფასებით, „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭო 3 ნოემბერს არ გამოხმაურებია. თუმცა ამ საკითხზე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რჩევები, მოსაზრებები, თუნდაც კრიტიკული, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ ვისმენთ, გვაქვს შეხვედრები, ვთანამშრომლობთ და ვცვლით პოზიციებს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს – იქ, სადაც არ არის ჩემი კომპეტენცია, რომ საბჭოს სახელით გესაუბროთ, მე, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული ლეგიტიმაცია აქვს მისი, როგორც ინსტიტუციური ორგანოს ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. რა, როგორ, რანაირად მოხდა – ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, რომ პარლამენტის წევრმა ვისაუბრო იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზეა დამოკიდებული მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები. ასევე, პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი. კანონის მიხედვით, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.
ნანუკა მეშველაშვილი