მთავარი საქართველო #გვარიდამიბრუნე - კამპანიის ინიციატორებს პარლამენტმა მოთხოვნა დაუხარვეზა

#გვარიდამიბრუნე – კამპანიის ინიციატორებს პარლამენტმა მოთხოვნა დაუხარვეზა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამ“-ის აქტივისტები 2021 წლის ზაფხულში, 45 დღის განმავლობაში სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ქალაქებში, კამპანია #გვარიდამიბრუნეს ფარგლებში ხელმოწერებს აგროვებდნენ.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები გვარებში საბჭოთა სისტემის მიერ შეცვლილი რუსული დაბოლოებების მათთვის ავთენტური ბოლოსართებით დაბრუნებას ითხოვენ.

ხელმოწერების შეგროვების პარალელურად, ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზეც მუშაობდა.

სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, თითქმის 27 000 ხელმოწერა და კანონპროექტი პარლამენტში 27 სექტემბერს ჩააბარეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.

აღმოჩნდა, რომ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად 3000-ზე მეტი ხელმოწერა არასწორად იყო შევსებული, რის გამოც ამავე კომიტეტმა აქტივისტების მოთხოვნა დაახარვეზა და პირველი ნოემბრის სხდომაზე მის შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე ჯგუფს უარი უთხრა.

„ევრონიუს ჯორჯიასთან“ ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა უარის მიზეზები განმარტა.

“მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნა, მოეტანათ სწორად შევსებული 25000 ხელმოწერა. მართალია, თითქმის 27000-მდე ხელმოწერა შემოიტანეს, თუმცა 3000-ზე მეტი ხარვეზით იყო შევსებული – ზოგს აკლდა თარიღი, მისამართი, ტელეფონის ან პირადობის ნომრები. ეს ის ხარვეზებია, რაზეც ჩვენს თვალს ვერ დავხუჭავდით და კანონს ვერ გადავაბიჯებდით. ინიციატორებს დამატებით შევხვდით და განვუმარტეთ დახარვეზების მიზეზები. მმართველ პარტიისგან, სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სურვილი და პოლიტიკური ნებაც აქვს, თუმცა ყველაფერი კანონის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცვლილების ინიციატორი ახალგაზრდები პარლამენტის უარმა დააბნია. მათი თქმით, მოთხოვნაზე მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო უარი მათთვის არადამაკმაყოფილებელი არგუმენტია. „სალამ“-ის წევრები იმედოვნებენ, რომ მმართველი პარტიისგან ეს მათ მოთხოვნაზე პოლიტიკური უარი იყო.

„ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ ამ ეტაპამდე მოსასვლელად. იმ ხარვეზების გამო უარი, რაზეც გვედავებიან, რეალურად არასაკმარისი არგუმენტია ჩვენთვის. ვფიქრობთ, პარლამენტის აპარატმა არათანმიმდევრულად იმუშავა ამ ხარვეზების დადგენისას, რადგან თუ მაგალითად რომელიმე ხელმოწერას დათარიღებისას აკლდა წელი, ეს ავტომატურად უნდა ჩათვლილიყო როგორც 2021 წელი, რადგან ხელმოწერები სწორედ მიმდინარე წელს შევაგროვეთ ზაფხულში, 45 დღის განმავლობაში. ახლა, პარლამენტთან სამუშაო შეხვედრებს ვაგრძელებთ. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ინიციატივა გვარებთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი გუნდისგან ეს არ იყო პოლიტიკური უარი“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამ“-ის თანადამფუძნებელი ქმარან მამადლი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მმართველი გუნდი მხარს უჭერს ამ ცვლილების განხორციელებას და უარი ჯგუფს, მხოლოდ კანონით დადგენილი მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო ეთქვა. მისივე განცხადებით, პარლამენტი თავად მუშაობს ალტერნატიულ კანონპროექტზე, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში „გვარების პრობლემას“ მოაგვარებს. კანონპროექტს განსახილველად პარლამენტის ბიუროს ნოემბრის ბოლოს წარუდგენენ.

„პარლამენტის მიერ მზადდება ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც განსახილველად თვით ბოლოსთვის იქნება მზად. ჩვენი ინიციტივით შედგენილი ცვლილებების პროექტი, არამხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის გვარების პრობლემას, არამედ სხვა ეთნიკური ჯგუფების პრობლემებსაც გადაჭრის კომპლექსურად“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები, კანონპროექტსა და აღმოჩენილი ხარვეზების გასწორებაზე მუშაობას აგრძელებენ. სამუშაო ჯგუფში შემავალი ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს ათასობით მოქალაქის სახელით მოქმედებენ, პარლამენტისგან მეტ მხარდაჭერას ელიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend