პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში სასაფლაოების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო. ახლა კი მექსიკელებს ისევ მიეცათ საშუალება, მიცვალებულთა დღე აღენიშნათ.
მიჩოაკანის შტატში, პაცკუაროს ტბის მახლობლად პატარა სოფლებში, ტურისტების სიმრავლის მიუხედავად, მოსახლეობა იმ ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობს, რომლებიც უკვე რამდენიმე ასეული წელია არსებობს.
„ტურისტები აქ ჩვენი ტრადიციის გასაცნობად მოდიან, მაგრამ არ გვინდა, რომ ხელი შეგვიშალონ. ეს ჩვენი ტრადიციაა და ამ წეს-ჩვეულებებს ყოველწლიურად ვასრულებთ, არიან აქ ტურისტები თუ არა. ჩვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ისინი აქ მხოლოდ დროებით მოდიან. ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს“, – აცხადებს აროკუტინის მკვიდრი ელვია სოლორიო.
ორშაბათს ადგილობრივ სასაფლაოზე, მიცვალებულთა დღესთან დაკავშირებით, პატარა ტბისპირა ქალაქის მცხოვრებლებმა სანთლები აანთეს და საფლავებზე ნარინჯისფერი ყვავილები და ხილის კალათები დააწყვეს.
„ჩვენ საფლავების მოწყობას შუადღიდან ვიწყებთ. სარეველას ვაშორებთ, საფლავის გარშემო ქვებს ვასწორებთ, ვაზებს ვდებთ, სანთლებისთვის მიწას ვთხრით, შესაწირი მოგვაქვს, თაღებს ვაწყობთ და ვდგამთ სკამებს, რომ მთელი ღამე აქ გავატაროთ. მოგვიანებით, 7 ან 8 საათისთვის, ოჯახის ყველა წევრი გვიერთდება, ვვახშმობთ. გარკვეული დროის განმავლობაში აქ ვრჩებით“, – ჰყვება აროკუტინის მკვიდრი აირამ ბარტოლო.
მოგვიანებით ტურისტებიც მივიდნენ. ამ დროს სხვადასხვა ოჯახის წევრები მიცვალებულებს პატივს მიაგებდნენ და ტრაპეზობდნენ. ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულები ღამით, მორთული ხის თაღის ქვეშ გამოდიან და დროებით ამქვეყნიურ სამყაროს სტუმრობენ.
„ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მიცვალებულთა დღის აღნიშვნა. ამ დღესასწაულის დროს აქ და მიჩოაკანის სხვა ადგილებში მივდიოდი. ახლა ისევ მომეცა აქ დაბრუნების საშუალება. მიმაჩნია, რომ ეს საერთო ტრადიციაა და თითოეული მექსიკელისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველას ჰყავს საყვარელი ადამიანი დაკარგული… გარდა ამისა, ძალიან ლამაზი დღესასწაულია“, – ამბობს ტურისტი კლაუდია მორანი.