ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის გრძელდება უთანხმოება თევზჭერის უფლებებთან დაკავშირებით. ორივე მხარე ერთმანეთს პოსტბრექსიტის სავაჭრო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის დასაწყისში შევიდა. ფრანგული მხარე ამბობს, რომ ბრიტანულ ნავებს თავის რამდენიმე პორტში არ შეუშვებს, გაზრდის ბრიტანეთიდან წამოსულ ტვირთებზე კონტროლს როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე, თუკი ბრიტანული მხარე 2 ნოემბრამდე უფრო მეტ ფრანგულ ნავს არ მისცემს თევზჭერის ლიცენზიას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ამბობს, რომ ფრანგულმა მხარემ გაავრცელა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის თევზის ინდუსტრიას. მისი თქმით, უმჯობესია, თავი შეიკავონ მუქარებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთი გამოიყენებს ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებულ მექანიზმებს.
თევზჭერასთან დაკავშირებით ახალი წესები მოქმედებს.
პარიზში აცხადებენ, რომ ლიცენზიები ვერ მიიღეს ისეთმა ნავებმა, რომლებიც დიდი ხანია ამ საქმით არიან დაკავებული. ბრიტანეთში კი ამბობენ, რომ ევროკავშირიდან მიღებული განაცხადების 98% დააკმაყოფილეს, უთანხმოება კი იმ რამდენიმე ფრანგული ნავის გამო წარმოიშვა, რომლებმაც დოკუმენტაცია არასრულად წარადგინეს.