მთავარისაქართველოურთიერთობის თერაპია

ურთიერთობის თერაპია

როგორ ეხმარებიან შშმ პირებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში

როგორ არის შესაძლებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია?

არსებობს ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლებიც ამაზე ფიქრობენ.

29 ოქტომბერს სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრმა “აისმა“ საქველმოქმედო შეხვედრას გამართა. შშმ პირთა განათლების,  დასაქმებისა და ფიზიკური რეაბილიტაციის თაობაზე.

რას საქმიანობენ ბავშვები ცენტრში?  როგორია მათი ყოველდღიურობა და ინტერესები?

როცა ბავშვები, ეზოში სხდებიან, ერთ-ერთი მათგანი წრის ცენტრში ჯდება და დანარჩენებს ზღაპარს უკითხავს.  სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრში “აისში“ კითხვით თერაპიის დროა…  ასე ეცნობიან ისინი საინტერესო ამბებს და ერთმანეთსაც.

ცენტრში ათასი რამ ხდება, ბავშვები მუშაობენ სათბურსა და მარანში, კითხულობენ, და ლამაზ ნივთებს საკუთარი ხელით ამზადებენ.

ბავშვები ამბობენ, რომ ძალიან  უყვართ როცა მასწავლებლებს ან  ცენტრის თანამშრომლებს  სხვადახვა საქმეში ეხმარებიან.

„დრამის გაკვეთილები გვაქვს, ცეკვის გაკვეთილებიც, ყურძნის დაწურვაშიც ვეხმარებით, ეზოების დალაგებაშიც. სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ განვითარება მივიღო”,- ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე ქართლოს გუნიაშვილი.

ცენტრი 2001 წლიდან არსებობს და აქ მომუშავე პერსონალი მუდმივად ცდილობს, რომ ბენეფიციარებს საზოგადოებასთან ინტეგრაცია გაუმარტივოს. მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები და ცდილობენ ბავშვების ინტერესები სხვადასხვა საქმიანობით აღმოაჩინონ.

„თითოეულ აქტივობაში იმდენად არიან ჩართული, რომ ყველას სტიმულს და მოტივაციას გვაძლევენ, რათა მაქსიმალურად დავიხარჯოთ და უკეთესი პირობები შევუქმნათ სამომავლოდ“, – ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი ანა პავლიაშვილი.

ცენტრში 100-მდე ბენეფიციარი დადის, თუმცა პანდემიამ მათი რიცხვიც შეამცირა და გაკვეთილებზე დასწრებას ყველა ვერ ახერხებს.

მარანი, სადაც ბავშვები ღვინოს აყენებენ სავსეა ღვინის ბოთლებით. ღვინის ეტიკეტებზე მოსწავლეების თითის ანაბეჭდებია გამოსახული.

„რას ვთავაზობთ ჩვენ ამ ბავშვებს? ამ გარემოს, მოფერებას სიყვარულს, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ., აკადემიურ უნარ-ჩვევებს, ასევე სოციალური უნარ-ჩვევების ათვისებას. კიდევ იმას, რომ ამ ბავშვებმა საკუთარი თავის მოვლა შეძლონ და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადონ“, – ამბობს ცენტრის დამფუძნებელი გივი ჩიქობავა.

ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინკლუზიურ განათლებაში ბევრი პრობლემა არსებობს, რომელზეც დისკუსია უნდა დაიწყოს. მანამდე კი, ცენტრში ცდილობენ შექმნან გარემო, სადაც ბავშვებს ერთმანეთი ჰყავთ და ყველაზე მთავარი თერაპია – ურთიერთობის შესაძლებლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend