ჩრდილოეთ ციმბირის შორეულ რეგიონში, იამალო-ნენეცში, წარმოიქმნა უზარმაზარი კრატერები, რომლებმაც მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინა.
პირველი ასეთი კრატერი 2014 წელს აღმოაჩინეს ბოვანენკოვოს გაზის საბადოების მახლობლად. ბოლო კრატერი კი 2020 წლის აგვისტოში შენიშნეს. ის 33 მეტრის სიღრმისაა, მისი სიგანე კი 25 მეტრია. რეგიონში კრატერების საერთო რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ, ამოხსნან, თუ რა იწვევს დედამიწის ზედაპირის ქვეშ აირის დაგროვებასა და შემდეგ აფეთქებას.
სკოლკოვოს ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარი ევგენი ჩუვილინი აღნიშნავს, რომ იამალის ნახევარკუნძულზე წარმოქმნილი კრატერები ახალია, შესაბამისად, ნაკლებად არის შესწავლილი, რატომ იფრქვევა რუსეთის არქტიკულ ზონაში ბუნებრივი აირი გაყინული ნიადაგის ზედა ნაწილებიდან.
ვარაუდობენ, რომ კრატერების წარმოქმნა შესაძლოა გლობალურ დათბობასა და ყინულის დნობას უკავშირდებოდეს, რაც გაზის ბუშტების ნიადაგის ზემოთ ამოსვლასა და შემდეგ აფეთქებას იწვევს.
მეცნიერები, რომლებიც რუსეთში მეთანის წარმოქმნის მიზეზებს შეისწავლიან, ნიმუშებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე დიდი, ვასიუგანის ჭაობიდან იღებენ. მკვლევრებს ჩრდილოეთით, გლობალური დათბობის შედეგად გაყინული ჭაობების დნობაც აშფოთებთ.
ტომსკის უნივერსიტეტის წამყვანი ბიოლოგი, სერგეი კირპოტინი ამბობს, რომ ხვრელები იმის გამო ჩნდება, რომ ყინული დნება და ნიადაგი თხელდება. შედეგად წარმოიქმნება მრავალი, ახალი, პატარა ზომის ტბა. ატმოსფეროში კი ამ დროს ნახშირორჟანგი და მეთანი იფრქვევა.
ციმბირიდან შორს პოლიტიკოსები და მეცნიერები გლაზგოში კლიმატის სამიტზე შეიკრიბნენ, რათა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტონ. ერთი რამ კი ნათელია, მეთანის საკითხის მოგვარება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მეთანი ძლიერმოქმედი მავნე აირია და მას ისეთ ყურადღებას არ უთმობენ, როგორსაც ნახშირორჟანგს.