მთავარი საქართველო ხმის მიცემა ფარულია და არავის შეუძლია იმის დადგენა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა

ხმის მიცემა ფარულია და არავის შეუძლია იმის დადგენა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა

ერთ დღეში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია – რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ის კანდიდატები უნდა აირჩიონ, რომლებმაც 2 ოქტომბერს შესაბამისი ბარიერი ვერ გადალახეს. ასეთი 5 თვითმმართველი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და 15 მუნიციპალიტეტია. ასევე, 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი.

არჩევნების მეორე ტურზეც იქნება იზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის სპეციალური უბნები, რომლებსაც გადასატანი ყუთით ადგილზე მიაკითხავენ. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია.

30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები თვითმმართველი ქალაქებისა და თემების 20 მერს და საკრებულოების 42 წევრს ირჩევენ. ამისთვის 1830 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 2 088 722 პირია რეგისტრირებული.

საარჩევნო უბნები 08 საათზე იხსნება და 20 საათზე იხურება. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესზე დასაკვირვებლად 36 ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული.

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. მათ უნდა გაიარონ მარკირებისა და რეგისტრაციის პროცედურა, რის შემდეგაც კომისიის წევრის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ ბიულეტენებს მიიღებენ. მათ სასურველი კანდიდატის რიგითი ნომერი უნდა შემოხაზონ, ისე, რომ ნათლად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება.

კრწანისის ოლქში შემავალ 31 უბანზე რეგისტრირებული მოქალაქეები ხმას ელექტრონულად მისცემენ და მათი ბიულეტენები ორი ხერხით – ელექტრონულად და ტრადიცული მეთოდით დაითვლება.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესს კვლავ გადაიღებენ სპეციალური ვიდეოკამერებით. კომისიიის წევრები ვალდებული არიან ბიულეტენებზე დატანილი მონაცემები სრულად აჩვენონ კამერასთან, რათა ყველა მონაცემი აღქმადი იყოს.

ხმის მიცემა ფარულია და არავის შეუძლია იმის დადგენა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend