მთავარიევროპაიტალია30 ოქტომბერს რომი დიდი ოცეულის ლიდერებს უმასპინძლებს

30 ოქტომბერს რომი დიდი ოცეულის ლიდერებს უმასპინძლებს

შაბათს იტალიის დედაქალაქი რომი პირველად უმასპინძლებს დიდი ოცეულის ლიდერებს. მნიშვნელოვან განსახილველ თემებს შორისაა პანდემიით გამოწვეული უთანასწორობა, გლობალური ეკონომიკის აღდგენის დაჩქარების მნიშვნელობა და ასევე კლიმატის საკითხები. ღონისძიების ფარგლებში მთელ ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები. ქვეყანაში დროებით აღდგა სასაზღვრო შემოწმება.

ეს იქნება დიდი ოცეულის ლიდერების პირველი  სამიტი, რომელსაც იტალია მასპინძლობს. ისინი განიხილავენ მნიშვნელოვან თემებს მსოფლიოში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.

ადამიანები, პლანეტა და კეთილდღეობა – სწორედ ეს არის წლევანდელი დიდი ოცეულის მიერ განსახილველი ძირითადი საკითხები.

დელეგატების მიზანია,  შეამცირონ პანდემიით გამოწვეული უთანასწორობა, დააჩქარონ გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთობლივი ნაბიჯები გადადგან. იტალიაში იმედი აქვთ, რომ მსოფლიო ლიდერები შეთანხმდებიან კონკრეტულ თარიღზე, თუ როდის შეძლებენ, მიაღწიონ სათბური აირების ნულოვან ემისიებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მმართველობას აქვს ერთი საფირმო ნიშანი – ეს  მულტილატერალიზმია.

კოვიდპანდემიის შემდეგ მსოფლიო ლიდერების პირველი პირისპირი შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენაა. დელეგატები იტალიის დედაქალაქში, ახალ საკონვენციო ცენტრში, შეხვდებიან ერთმანეთს. სამიტს რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

შაბათს, როდესაც დიდი ოცეულის ლიდერების სამიტი გაიმართება, 10 კვადრატული კილომეტრის რადიუსში ყველაფერი ჩაიკეტება. ე.წ. „წითელ ზონაში“ გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ყველაფერს ვერტმფრენების, სნაიპერებისა და დრონების საშუალებით დააკვირდებიან. მობილიზებულია დამატებით 2000 პოლიციელი და 500 სამხედრო. ისინი არა მარტო სამიტის მონაწილეების უსაფრთხოებას დაიცავენ, არამედ გააკონტროლებენ ვითარებას მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობებთან და უცხო ქვეყნის საელჩოებთან. წინა დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მთავრობაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა ე.წ. „მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეებმა  მორიგი ძალადობრივი აქციებიც დაგეგმონ, რაც საფრთხეს შეუქმნის სამიტის მიმდინარეობას.

იტალიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან ონლაინაქტივობასა და სოციალურ ქსელებს, რათა დაადგინონ, ხომ არ აპირებს რომელიმე ჯგუფი არასანქცირებულ აქციას. ხელისუფლება მხოლოდ იმ აქციების ჩატარების ნებართვას გასცემს, რომელიც უსაფრთხო იქნება და შეხვედრის ადგილიდან შორს გაიმართება.  ქვეყანაში დროებით აღდგა სასაზღვრო შემოწმება და რომის საჰაერო სივრცე თითქმის მთლიანად ჩაიკეტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend