მთავარიამერიკააშშსენატში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე საუბრობენ

სენატში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე საუბრობენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა.

დემოკრატმა სენატორმა ჯეან შაჰინმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვი შავ ზღვას, როგორც მხოლოდ მის საკუთრებას ისე ექცევა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა ასევე „ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ უფროსი მკვლევარი ჯიმ ტაუნსენდი. მისი განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებული თანამედროვე რუსული სამხედრო ტექნიკა ევროპისათვის საშიშროებას წარმოადგენს.

სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური დინამიკის ფონზე შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება, როგორც მოსკოვისთვის ასევე ვაშინგტონისა და ბრიუსელისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში პირველ რიგში, სწორედ, აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის მიერ გატარებული აგრესიული საგარეო პოლიტიკის ფონზე, ვაშინგტონთან ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ემსახურებოდა.

სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, დემოკრატმა სენატორმა ჯეან შაჰინმა შავი ზღვის რეგიონში მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

„შავი ზღვის რეგიონი, ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის კონკურენციის ეპიცენტრია. ექვსი ქვეყანა: რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო და თურქეთი ფლობენ შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა სიდიდის სანაპირო ზოლს, მაგრამ მხოლოდ ერთი სახელმწიფო იქცევა ისე თითქოს შავი ზღვა მისი ზღვაა და ეს რუსეთია. ნატოს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ჩემთვის ნათელია, რომ ნატო შავი ზღვის რეგიონის დაცვის გეგმაზე მუშაობს. გასულ კვირას თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში – რეგიონში რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაციის ფონზე, კარგი სიგნალია. შავი ზღვის რეგიონზე კონტროლის მოპოვებისა და ნატოს მიერ სამხრეთ ფლანგის გამაგრებისათვის ხელის შეშლის მიზნით, რუსეთის ფედერაცია უკანონო და აგრესიულ მეთოდებს იყენებს. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოა და საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიპყრო“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ჯეან შაჰინმა.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ და სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გაზრდილი გავლენის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკური გეოგრაფიაც იცვლება. სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე „ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა ჯიმ ტაუნსენდმა მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა კარგად შესწავლილი საკითხია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ამჟამად დიდი რაოდენობით და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიით დაცული სახმელეთო ძალები, სამხედრო საჰაერო ხომალდები, ახალი საზღვაო სამხედრო ხომალდები და სარაკეტო სისტემებია თავმოყრილი. ამ სამხედრო კონცენტრაციის ნაწილია ექვსი ახალი, კილო კლასის წყალქვეშა სამხედრო გემიც. მათზე განთავსებულ სარაკეტო სისტემებს კი ევროპის შუაგულში თავდასხმის განხორციელება შეუძლიათ“, – განაცხადა „ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა ჯიმ ტაუნსენდმა.

18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტისას, თბილისსა და ვაშინგტონს შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend