მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს

გერმანიის ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა იქონია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე. გამონაკლისი არც გერმანიაა, რომლის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული წარმოებასა და ექსპორტზე. ეკონომიკის აღდგენის პროცესი კი მოსალოდნელზე გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც ნედლეულისა თუ წარმოებისთვის საჭირო მასალების მიწოდების გლობალური შეფერხებით არის გამოწვეული.

ეს გერმანიის უახლესი ავტოქარხანაა. ბერლინის მახლობლად ამერიკული კომპანიის „ტესლას“ ქარხანა აშენდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე აქ Y მოდელის წარმოებას დაიწყებენ. თუმცა კომპანიას გერმანული კომპანიების მსგავსად, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეექმნას.  მიწოდების სისტემის შეფერხებული მუშაობა წარმოების პროცესზე უარყოფითად აისახება.

გერმანიის სავაჭრო პალატის საერთაშორისო ვაჭრობის ხელმძღვანელი ფოლკერ ტრაიერი ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. 10 კომპანიიდან 8 მნიშვნელოვნად დაზარალდა. კომპანიების თითქმის 50 პროცენტი სრულფასოვნად ვერ მუშაობს, რადგან დროულად ვერ იღებენ  წარმოებისთვის მნიშვნელოვან მასალებს,   ნედლეულსა თუ ინდუსტრიულ პროდუქტებს, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა წარმოება. მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიებს კონტრაქტების გაუქმებაც მოუწიათ.

ეს გლობალური პრობლემაა.

ფოლკერ ტრაიერი ამბობს, რომ გერმანიის ეკონომიკა დამოკიდებულია საერთაშორისო კავშირებზე. გერმანიის ექსპორტის კვოტა მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტს შეადგენს. იაპონიაში ეს ციფრი 20 პროცენტია. მისი აზრით, ეს ვითარება გერმანიაზე ძალიან მოქმედებს.

გერმანიის ეკონომიკას ხშირად ევროპის მამოძრავებელ ძალად მოიხსენიებენ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ პანდემიის შესუსტების შემდეგ ეკონომიკა სწრაფად აღდგებოდა. თუმცა მიწოდებასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა მოლოდინი არ გაამართლა.

ფოლკერ ტრაიერი აღნიშნავს, რომ მიწოდების სისტემაში შექმნილი შეფერხებები ხელს უშლის აღდგენის პროცესს. ისინი ახლა სწორედ აღდგენის პროცესში იმყოფებიან, თუმცა ის მოსალოდნელზე გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ფოლკერის აზრით, თუ ზამთარში ვითარება გაუარესდება, ეს ბერლინში პოლიტიკურ ვნებათაღელვას გამოიწვევს.

ინდუსტრიული წარმოება და ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის ეკონომიკისთვის. თუ მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდება, ეს მთელს ეკონომიკას დააზარალებს. ეს ყველაფერი კი შესაძლოა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაემთხვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend