მთავარი გადაცემები კუბი აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა - რა წერია ფეისბუკის შიდადოკუმენტებში

აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა – რა წერია ფეისბუკის შიდადოკუმენტებში

ფეისბუკის ახალი შიდა დოკუმენტები სხვადასხვა მედიასაშუალებას გაუგზავნეს, მათ შორის არის „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ვოშინგტონ პოსტი“ და ტელეკომპანია „ენბისი“.  შიდადოკუმენტები მედიაში გაავრცელა ფეისბუკის მამხილებელმა და კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა ფრენსის ჰაუგენმა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წინაშე უკვე წარდგა.

როგორც „ვოშინგტონ პოსტი“ წერს, კომპანია ფეისბუკმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები: დაბლოკეს დონალდ ტრამპის ფეისბუკანგარიში, შეიზღუდა კომენტარების გამოქვეყნება იმ პოსტების ქვეშ, რომლებშიც სიძულვილის ენა იყო გამოყენებული, ასევე გაფილტრეს ჰეშთეგი „შეაჩერეთ ქურდობა“. ამ ჰეშთეგს ტრამპის მომხრეები იყენებდნენ. ამ დროს კი, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, შიგნით კომპანიაში იმედგაცრუებას გამოხატავდნენ თანამშრომლები. მათი აზრით, ამერიკაში ექსტრემიზმი იზრდებოდა, კომპანიის ადმინისტრაციას კი ამასთან დაკავშირებით  დაგვიანებული და არათანმიმდევრული რეაქცია ჰქონდა.

„ნუთუ არ გვქონდა საკმარისი დრო, იმისათვის რომ გაგვეკონტროლებინა ეს სიტუაცია და არ დაგვეშვა ძალადობა? ჩვენ დიდი ხანი ვუნთებდით ცეცხლს ძალადობას და არ გაგვიკვირდეს, რომ მასზე კონტროლი დავკარგეთ“, – დაწერა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფეისბუკის შიდასასაუბროში, როდესაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ.

როგორც „ვოშინგტონ პოსტი“ წერს, დოკუმენტის ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონგრესისთვის, რომელიც იკვლევს, თუ რა ბრალი მიუძღვის 6 იანვრის არეულობაში ფეისბუკს.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ კომპანიის მონაცემთა ანალიზის სპეციალისტმა არჩევნების შემდეგ, ერთ კვირაში, ხელმძღვანელობას აცნობა, რომ პოლიტიკური კონტენტის 10 პროცენტი ფეისბუკზე ამტკიცებს, რომ არჩევნები გააყალბეს, თუმცა ხელმძღვანელობამ ვერ ან არ მოაგვარა ეს პრობლემა.  ასევე „ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ფეისბუკის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფეისბუკის ალგორითმი მიმართულია იმისაკენ, რომ მომხმარებლები ექსტრემისტულ ჯგუფებს დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მკვლევრები ხელმძღვანელებს აწოდებდნენ, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში, როდესაც აშშ-ის კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმები უნდა დამტკიცებულიყო, ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი შენობაში შეიჭრა. ამის გამო ტვიტერმა და ფეისბუკმა დონალდ ტრამპს ოფიციალური ანგარიშები სამუდამოდ დაუბლოკეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend