მთავარისაქართველო“დელტა +” 15%-ით უფრო გადამდებია ვიდრე “დელტა” შტამი

“დელტა +” 15%-ით უფრო გადამდებია ვიდრე “დელტა” შტამი

კორონავირუსის ახალი შტამი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, “დელტა +”, ანუ ის შტამი, რომელიც 15%-ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე დელტა შტამი, საქართველოში არ დადასტურებულა. ეს შტამი მსოფლიოში კვლავ ბრიტანეთიდან გავრცელდა, ჯერჯერობით “დელტა +” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საყურადღებო შტამების სიაში არ შეუყვანია, თუმცა ახალი შტამი ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გავრცელდა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ახალი “დელტა +” შტამის გავრცელების საფრთხეა, რადგან ეს შტამი ქვეყნის მოსაზღვრე ქვეყანა – რუსეთში უკვე გავრცელებულია. თუმცა ამის მიუხედავად, დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე არ უსაუბრიათ რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთათვის კონტროლის გამკაცრებასა ან დროებით თუ საერთოდ აკრძალვასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “დელტა +” შტამი საქართველოშიც გავრცელდება, ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინა დაიცავს ვაქცინირებულებს ახალი შტამისგან.

„ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს კოვიდ-19-ის საეჭვო შემთხვევებს. სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევის პრინციპით ვიღებთ ნიმუშებს. მე ყოველდღიურად მაწვდიან ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაციას იმის შესახებ, ხომ არ გამოვლინდა COVID-19-ის რომელიმე შემთხვევაში მუტაცია, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალ შტამებთან. ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები მის კონტრარგუმენტად ადამიანის უფლებებს ასახელებენ და ამბობენ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება დაარღვევს ადამიანის უფლებებს.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი უარყოფითი პროცესი მოჰყვება, რაც საერთო ჯამში ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნებაყოფლობით საქართველოში მაქსიმუმ ზრდასრული მოსახლეობის 32-33% აიცრება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კვლავ გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ამისთვის ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. თუმცა მარათონის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი 60 წელს ზემოთ მოქალაქე აიცრას“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამდივნოში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მწვანე პასპორტების შესახებ დამუშავებული პაკეტი წარადგინა. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ მოქალაქე არ არის სრულად ვაქცინირებული, ან არ აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი არ აქვს კოვიდ-19, გარკვეულწილად, შეზღუდული იქნება, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში. კოვიდპასპორტების შემოღების განხილვისთვის საკოორდინაციო საბჭოს დაახლოებით  10 დღე დასჭირდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend