მთავარისაქართველოდეკორატიული მცენარეები - სიამოვნება და სირთულეები

დეკორატიული მცენარეები – სიამოვნება და სირთულეები

ნატალია თარხან-მოურავი მცენარეებით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. მისი პირველი მცენარე მზესუმზირის ყვავილი იყო და შედეგით აღტაცებულმა მალევე გადაწყვიტა, მეტ მცენარეს დამეგობრებოდა.

ამბობს, რომ მოვლის პროცესში მან მცენარეების შესახებ ბევრი რამ ისწავლა.

„პროცესი, რომ ახალი სიცოცხლე გავაჩინო ოთახში და ზოგადად ჩემს გარშემო – ჩემთვის თერაპიაა“, – ამბობს ნატალია თარხან-მოურავი.

ნატალიას თქმით, ეს პროცესი სასიამოვნოა, თუმცა იგი დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს.

“ყოველთვის ვცდილობ, დილაობით 40 წუთი მცენარეებთან ერთად გავატარო, ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა და მოვლა სჭირდება. მათი უნდა გესმოდეს. ამიტომაც, ძალიან მიჭირს მათი დატოვება. ქალაქიდან ხშირად გავდივარ. რთულია, მაგალითად, დედაჩემს ავუხსნა, ზუსტად როგორ უნდა მორწყას. თბილისში რომ ვარ, კარგად არიან ჩემი მცენარეები, როგორც კი მივდივარ იწყენენ“, – ამბობს ნატალია.

ნატალიას მსგავსად, თამარიც რამდენიმე წელია მცენარეებს აგროვებს და უვლის. დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა, რომ საკუთარ გატაცებას უფრო პროფესიულად მიდგომოდა და ფლორის შესახებ მეტი რამ ესწავლა.

„დღის განმავლობაში ალბათ 3-4 საათს ვუთმობ მცენარეებს. ბევრმა არ იცის, რომ ყველა მცენარის ყოველდღიური მორწყვა არ შეიძლება. არც მზე უხდება ყველას თანაბრად. მცენარეებს თავიანთი ხასიათი აქვთ და მოვლის წესებიც იმის მიხედვით იცვლება“, – თამარ რაზმაძე.

თამარის საშინაო კოლექციაში უამრავი უცხო და ეგზოტიკური მცენარეა.

„ეს კოკედამაა, რომელიც მიწის ბურთისა და ხავსისგან კეთდება, ქოთანი არ სჭირდება. ეს მცენარე იაპონური კულტურის ნაწილია. ძალიან მინდა, რომ იგი საქართველოშიც დამკვიდრდეს“, – თამარ რაზმაძე.

ჰო, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე როცა ქალაქიდან გასვლა გიწევს?

ეს პრობლემა ძალიან ბევრს უდგას.  სე გაუჩნდათ თამარსა და მის მეგობრებს იდეა, მცენარეების სასტუმრო დაეარსებინათ, სადაც მცენარეებს შეიფარებდნენ, უმკურნალებდნენ კიდეც და ასე დაახვედრებდნენ პატრონს.

„იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა, ამ დროს დავიწყეთ მცენარეების აქტიურად შეგროვება და მოვლა, თუმცა უამრავ ისეთ პრობლემას ვაწყდებოდით, რომლის მოგვარებაც გვიჭირდა. საბოლოოდ, მეგობრებთან საუბრის და მსჯელობის შემდეგ, გავხსენით დეკორატიული მცენარეების სასტუმრო“, – ამბობს სასტუმროს თანადამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე.

არჩილსა და თამარას კიდევ ბევრი სამომავლო იდეა აქვთ, როგორ უნდა დაეხმარონ მცენარეთა მოყვარულებს.

მათი თქმით, ჯერჯერობით, ქართულ ენაზე მცენარეების მოვლის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. გამოსავალი აქ, ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. და თანაც ამ გზით მცენარეების მოვლის პროცესი უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend