მთავარი საქართველო სადავო სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის

სადავო სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის

მიხეილ სააკაშვილი 24 დღეა შიმშილობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამ კვირაზე მეტია შიმშილობს. მას რამდენჯერმე დასჭირდა სამედიცინო ჩარევა და ექიმებმა დახმარება ადგილზე, რუსთავის  სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში აღმოუჩინეს.

გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ. სპეციალურად  შექმნილმა კონსილიუმმა განსაზღვრა კრიტერიუმებიც, თუ რა ტიპის კლინიკა შეძლებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილის მიღებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებული ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, თუმცა იუსტიციის მინისტრს ასე არ მიაჩნია.

ეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაა. იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებში მიაჩნიათ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეს კლინიკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისაღებად მზად არის. თუმცა ასე არ ფიქრობს ომბუდსმენი. სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქ  24 ოქტომბერს იყვნენ და ამბობენ, რომ ეს დაწესებულება სპეციალურად შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

„ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ტექნიკური შესაძლებლობები სრულად არ არის ადგილზე. არის MRT, არ არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, არ არის აპარატი, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისთვის არის განსაზღვრული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვქონდა შესაბამისი მოსაზრება, რომ იქ გადაყვანა არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ დადგენილ მოთხოვნებს“, – განაცხადა სახალხო დამცველი მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მისი გადაყვანა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რისკისშემცველია და თავად მესამე პრეზიდენტიც არ დათანხმდება იქ მკურნალობას.

„სააკაშვილის გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში ნიშნავს რეალურად მის გაწირვას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ძალიან დიდი რისკის ქვეშ დაყენებას. გარდა ჯანდაცვის საკითხებისა, არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, რის გამოც ასევე მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის მოთავსება მე-18 დაწესებულებაში. ეს დაწესებულება არის გლდანის ციხის ტერიტორიაზე, არ არის სრულად იზოლირებული, შესაბამისად – ადამიანი, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი ამ ქვეყანაში, მისი მოთავსება ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან ერთად ბუნებრივია, არ არის სწორი“, – აცხადებს მიხელ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პატიმარი სააკაშვილის სამკურანალოდ მხოლოდ ერთი საავადმყოფო განიხილება და ეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაა.

„ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და საუბარია შემდეგზე – თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შეთხვევაში უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. ხაზგასმით ვამბობ, რომ აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე არ არის, რაზეც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელი და ასევე, ზოგიერთი ოპონენტი. თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება 24 დღეა შიმშილობს და ამბობს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილი

Send this to a friend