მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ავტოპორტრეტს მომდევნო თვეს აუქციონზე გაიტანენ. ნახატი 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
თუ ნამუშევარი ამ ფასად გაიყიდება, ეს არა მხოლოდ ფრიდა კალოს ნახატების რეკორდული ფასი იქნება, არამედ ის ლათინოამერიკული ხელოვნების ყველაზე ღირებული ნამუშევარი გახდება.
ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“, რომელიც მხატვარმა 1949 წელს შექმნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იქნება სოტბის აუქციონზე, რომელიც ნიუ-იორკში მომდევნო თვეს გაიმართება.
ნახატზე ფრიდა კალოს შუბლის ცენტრში გამოსახულია მისი მეუღლეც, დიეგო რივერა. კალო საკუთარ თავს ხშირად ხატავდა, თუმცა ეს მისი ბოლო ავტოპორტრეტია.
„დიეგო და მე“ აუქციონზე ბოლოს დაახლოებით 30 წლის წინ იყო გატანილი.
„ეს არის ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი, რომელზეც მისი მეუღლეც არის გამოსახული. ფრიდა კალოს ნახატები აუქციონზე ძალიან იშვიათად ხვდება ხოლმე. ამ ნახატს ნიუ-იორკის აუქციონზე ნოემბერში გამოვიტანთ. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, რომ ვინმემ ფრიდას ნამუშევარი შეიძინოს“, – აცხადებს იმპრესიონისტთა თანამედროვე ხელოვნების უფროსი სპეციალისტი საიმონ სტოკი.
ეს ნამუშევარი საოცარ ემოციას იწვევს. მხატვარს თვალებიდან ცრემლები მოსდის. დიეგოს გამოსახულება კი მანიშნებელია, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ფრიდა კალოს მეუღლესთან.
როდესაც კალომ ეს ნახატი შექმნა, გავრცელდა ჭორები, რომ დიეგოს ფრიდას მეგობართან, მარია ფელიქსთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა.
„ეს ძალიან საინტერესო ნახატია, რადგან ის არა მხოლოდ ავტოპორტრეტია, აქ ერთგვარი სტიგმის დანახვაცაა შესაძლებელი. მეუღლის არაჩვეულებრივი გამოსახეულება მეტყველებს მათ ურთიერთობაზე, რომელიც ქარიშხალივით იყო. ისინი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ, თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ. ამ ნახატზე სწორედ მათი ურთიერთობაა ასახული“, – აცხადებს საიმონ სტოკი.
1990 წელს ნახატი „დიეგო და მე“ აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს იმ დროისთვის და კალოს ნახატებისთვის რეკორდული ფასი იყო. მოგვიანებით მისი შემოქმედება უფრო მეტმა ადამიანმა დააფასა.
ყველაზე ძვირად ფრიდა კალოს ნახატი 2016 წელს 8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
თუმცა, ახლა ფიქრობენ, რომ ამ ნახატის ღირებულება 30 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და არსებულ რეკორდს მოხსნის.
ნახატს „დიეგო და მე“ ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე, 16 ნოემბერს გამოიტანენ.