მთავარი საქართველო ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან

ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან

კანონი ძალაუფლების დანაწილების შემთხვევაში

საქართველოს მოქალაქეები ერთ კვირაში თვითმმართველი ქალაქებისა და თემების 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. მეორე ტურისთვის ემზადებიან მმართველი პარტია და ოპოზიცია. „ქართულ ოცნების“ ლიდერები იმ მუნიციპალიტეტებში ჩადიან, სადაც 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ოპოზიციაც. ორივე მხარე გამარჯვებაში დარწმუნებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ცენტრალურ მთავრობას მმართველი პარტია აკომპლექტებს.

„ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს. ჰიპოთეტურად ვამბობ – ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა. მე მინდა სენაკელებს მივმართო თხოვნით – ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს იმიტომ, რომ სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ოქტომბერს, სენაკში ვიზიტისას.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს გზავნილი თვითმმართველობისა და დემოკრატიის პრინციპის უარყოფაა.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შანტაჟით, საბოტაჟს გამოუცხადებს საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაცხადებული დანაშაული საკუთრი მოსახლეობის მიმართ და ეს არის გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ უარყოფს თვითმმართველობის პრინციპს, პირდაპირ უარყოფს დემოკრატიის მთავარ პრინციპს.
მათ არ აქვთ ინტერესი, მოსახლეობამ გამოხატოს საკუთრი ნება არჩევნების გზით“ – განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძემ.

იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულოების უმრავლესობას სხვა პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერები კი სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები გახდებიან, შესაძლო კონფლიქტს კანონმდებლობა არეგულირებს.

„კანონმდებლობით გათვალსწინებულია, როგორ უნდა გადაიჭრას შესაძლო კონფლიქტები. იქნება ეს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა, თანამდებობის პირების დაუმტკიცებლობა თუ სხვა. მაგალითად, თბილისის მერის შემთხვევაში, თუ არ დაამტკიცა საკრებულომ თბილისის მთავრობა, მაშინ მერს შეუძლია 3 თვით დანიშნოს და შემდეგ ხელახლა სცადოს. თუ კიდევ არ დამტკიცდება, მერი დედაქალაქის მთავრობას ისევ 3 თვით დანიშნავს. ბიუჯეტიც იხარჯება წინა წლის ბიუჯეტის შესაბამისად. კრიზისები რა თქმა უნდა დადგება, გართულდება კომუნიკაცია, თუმცა ამ კრიზისებიდან გამოსავალი არსებობს ჩვენი კანონმდებლობით და ჩიხი არ შეიქმნება.

ადგილობრივი დემოკრატია იძლევა შესაძლებლობას, ეფექტური კონტროლი განახორციელოს ამომრჩეველმა საკუთარ ხელისუფლებაზე. მეორე მხრივ, ძალაუფლების დანაწილებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს, როდესაც მთელი ძალაუფლება ცენტრში არ არის თავმოყრილი და ადგილობრივი არჩევნები იძლევა შესაძლებლობას ძალაუფლების გაზიარებისა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც არჩევნებს მოიგებენ“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

30 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, რამდენად შეძლებენ ძალაუფლების დანაწილებას მმართველი პარტია და ოპოზიცია.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ხელისუფლებახელისუფლება

Send this to a friend