ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკვე მეორე დღეა, ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე საემიგრაციო და სასაზღვრო პოლიტიკას განიხილავენ.
ბელგიის პრემიერ – მინისტრის ალექსანდრ დე კროოს განცხადებით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არსებული გამოწვევების წინაშე ძალისხმევა უნდა გააერთიანონ.
”ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ვინაიდან ევროპის მასშტაბით თანამშრომლობას ბევრი უპირატესობა აქვს. ჩვენ სოლიდარობის შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ სოლიდარობა ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს. ევროკავშირის სამხრეთ სახელმწიფოებისათვის მესიჯი მკაფიოა – გაამაგრეთ თქვენი საზღვრები და ჩვენ დამატებით რესურსებს გამოვყოფთ საზღვრების უკეთ დასაცავად”, – განაცხადა სამიტზე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.
ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე წლის წინ შემუშავებული საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას აპირებენ.
”ჩვენ საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას ვგეგმავთ. ამჟამინდელი პოლიტიკა რამდენიმე წლის წინ არის შემუშავებული დღესდღეობით კი მდგომარეობა შეცვლილია. რამდენიმე წლის წინ ეს ჰუმანიტარული კრიზისი იყო, მაგრამ ახლა ემიგრაციას პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ევროკავშირის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე, ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან კრიზისთან გამკლავება აუცილებელია, არავინ იცის ხვალ რა მოხდება”, – თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
2015 წელს მილიონობით მიგრანტის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ორგანიზაციაში აქამდე ყველაზე დიდი კრიზისი დაიწყო.
წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ ვერ თანხმდებიან. ევროკომისიამ უკვე გასულ წელს გასცა რეკომენდაცია საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ წევრი სახელმწიფოები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან.