მთავარისაქართველოთვითმმართელობის არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღე რჩება

თვითმმართელობის არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღე რჩება

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღე რჩება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მეორე ტურისთვის ემზადებიან. „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს სამეგრელოში იმყოფებოდნენ და წინასაარჩევნო შეხვედრები გამართეს. როგორც პარტიის ლიდერები განმარტავენ, მათთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება და ამაში დარწმუნებულებიც არიან.

„დღეს დავიწყეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ჩავდივართ ყველა იმ რაიონში, სადაც ჩატარდება მეორე ტური. ვხვდებით ჩვენს პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს და ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იმ საერთო გამარჯვებაზე, ვულოცავთ ყველას საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ ორ ოქტომბერს. და, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ, 30 ოქტომბრის მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპულია, რა თქმა უნდა, ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მეორე ტურისთვის ემზადებიან ოპოზიციაშიც. 20 ოქტომბერს თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური კაბინეტი წარადგინა. მან დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დაასახელა.

„მე ზუსტად ვიცი, რომ დედაქალაქში უამრავი პრობლემაა. მიმუშავია დედაქალაქის მერიის სისტემაში, ვიყავი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთ-ერთ რთული რაიონის გამგებელი, ძველი თბილისის გამგებელი და უშუალოდ მაქვს ნანახი, რასთან უწევს გამკლავება რიგით თბილისელს. მაგრამ ყველა პრობლემა, იქნება ეს მასშტაბური, თუ მცირე, მიმაჩნია, რომ საუკეთესო მექანიზმი ამ პრობლემების გადაწყვეტის, არის მრავალფეროვნება, პოლიტიკური მრავალფეროვნება. იქ, სადაც არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, მჯერა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებები დაიბადება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტის კიდევ ერთი მისია ჩამოვა. დელეგაცია ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საარჩევნო პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ ოდირის მისია ისევ გააგრძელებს ფართომასშტაბიან ყოფნას აქ, როგორც პირველი ტურის დროს იყო. მისია დააკვირდება არჩევნების დღეს და პერიოდს მანამდეც. ასევე, ჩამოდის ევროპარლამენტარების მისიაც და იმუშავებს ოდირის მისიასთან ერთად. ის ოთხი ევროპარლამენტარისგან იქნება შედგენილი. პირველი ტურის შემდეგ ბევრი კარგი რამ დავინახეთ საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, რაც 19 აპრილის შეთანხმებას მოჰყვა. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებაზე იქნება დამყარებული მეორე ტურიც. რა თქმა უნდა, შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიც იყო დაშინება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ხმების ყიდვა და ზეწოლა და არათანასწორი საარჩევნო პირობები. იმედი მაქვს, ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

30 ოქტომბერს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. სწორედ 9 დღეში მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend