მთავარი მსოფლიო "თალიბანი" მოსკოვში

“თალიბანი” მოსკოვში

“თალიბანის” ხელისუფლებამ შესაძლოა მიიღოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

“თალიბანი” რუსეთის ფედერაციის მიერ აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლის მოსკოვსა და “თალიბანს” შორის კომუნიკაციას. “თალიბანის” გუშინდელი ვიზიტი მოსკოვში წელს უკვე რიგით მეოთხეა. პირველი ვიზიტი ავღანეთში “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შედგა.

მოსკოვში გამართული შეხვედრა 2017 წელს შექმნილი ეგრეთ წოდებული მოსკოვის ფორმატის ფარგლებში გაიმართა. ფორმატის წევრი ქვეყნებია – ავღანეთი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ინდოეთი, პაკისტანი და ირანის ისლამური რესპუბლიკა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით “თალიბანის” მცდელობა ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციის მიმართულებით აშკარაა. ავღანეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის ზამირ ქაბულოვის განცხადებით, “თალიბანის” მმართველობას საერთაშორისო ლეგიტიმაცია ადრე თუ გვიან მაინც მიენიჭება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.

“თალიბანის” წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ადამიანის უფლებებს უკვე იცავენ, მაგრამ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთი დასავლურ ღირებულებებს მიჰყვება არასამართლიანი იქნებოდა.

“ ყველა სახელმწიფოს საკუთარი პირობები აქვს. ქალები ჩვენ დები და დედები არიან, მათ ჩვენ პატივს ვცემთ და ჩვენ მათთვის შესაბამის პირობებს შევქმნით ყველგან, სადაც ისინი საჭირო იქნებიან შარიათის კანონების თანახმად”, – აცხადებს ავღანეთის ისლამური ემირატის ვიცე – პრემიერი აბდულ სალამ ჰანაფი.

“თალიბანის” წარმომადგენლებისათვის უპირველესი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სისტემაში ავღანეთის კუთვნილ გაყინულ ანგარიშებზე წვდომის აღდგენაა.

“თალიბანის” წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების გარეშე ისლამური სახელმწიფოს მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა გართულდება.

უახლესი

სხვა ამბები

თალიბანითალიბანი

Send this to a friend