მთავარი საქართველო თბილისი, როგორც პერსონაჟი მწერლების შემოქმედებაში

თბილისი, როგორც პერსონაჟი მწერლების შემოქმედებაში

ლიტერატურული ფესტივალის მესამე დღის თემა თბილისი იყო.

საღამოს მონაწილეებმა თბილისზე ისაუბრეს – ცოცხალ ქალაქზე, პერსონაჟებით დასახლებულ ქალაქზე, როგორც წასაკითხ ტექსტზე, თბილისის წარსულსა და მომავალზე. იმაზე რა გაქრა და რა დარჩა. ლიტერატურული ფესტივალი 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს ფესტივალს მწერლები 14 სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ.

შეიძლება თუ არა ქალაქი მაგალითად, თბილისი პერსონაჟად გადაიქცეს?

ლიტერატურულ ფესტივალზე მწერლებმა ისაუბრეს იმაზე თუ რისი სიმბოლოა თბილისი მათთვის, სხვა რა სიმბოლოებს უყრის თავს და როგორ თბილისში ისურვებდნენ ცხოვრებას.

“თბილისი და ზოგადად ქალაქი ძალიან ფართო ცნებაა და ძალიან ბევრ რამეს უყრის თავს. არის  სოციალური, ეკონომიკური, კულტურული მხარე და შემოდის, რა თქმა უნდა, ლიტერატურაც. რადგანაც ჩვენი დისკუსიის მონაწილეები მწერლები არიან, აბო იაშაღაშვილი და დათო ქარდავა, მთავარი თემა სწორედ ის არის თუ როგორ იქცევა ქალაქი პერსონაჟად”, – ამბობს პოეტი მედეა იმერლიშვილი.

“რაც შეეხება ზოგადად ქალაქს, როგორც ფესტივალის თანმდევ თემას, ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც უნდა ვახსენოთ არის ის, რომ წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია და ასევე უნდა ვახსენოთ ამერიკელი პოეტი ლორენს ფერლინგეტი, რომელსაც უკავშირდება ფესტივალის დასკვნითი საღამო. პოეტზე მასალების ძიებაში ვიპოვეთ ფრაზა, “ქალაქი, როგორც სიმბოლო”, ჩავეჭიდეთ ამ ფრაზას და ავიღეთ ის ფესტივალის წლევანდელ შთაგონებად“,- ამბობს ფესტივალის კურატორი ნუკა ღამბაშიძე.

საღამოზე არაერთხელ ითქვა, რომ თბილისი მრავალსახოვანი ქალაქია, რომ მას ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს და აღიქვამს.  „ყვარელში, თელავში, ზუგდიდში, სოხუმში… სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, თბილისი მისი ქალაქია.“- ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი.

“ქალაქი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა. არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ მომწონს ის გამოთქმა, რომ ქალაქი არის ქვისა და ხორცის შეხვედრის ადგილი. ქალაქს აქვს როგორც სხეული, ასევე აქვს სული და ამ სულს ადამიანები ქმნიან. ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესია. ქალაქი ცვლის ადამიანს და პირიქით. როგორც ადამიანები ექცევიან ქალაქს, ქალაქიც უბრუნებს ამ სიყვარულს, სიძულვილს თუ უდიერად მოპყრობას. თბილისის ისტორიულ ნაწილში უხეში ჩარევა ამახინჯებს ქალაქს. ჩვენ რომ ვთქვით, რომ თბილისი არის მრავალსახოვანი ქალაქი და შესაძლოა თითოეული სახე არ იყოს მშვენიერი, ამას ვგულისხმობდი. არსებობს ესეთი გამონათქვამიც, რომ ქალაქი ადამიანისთვის არის ერთი ქუჩა, რამდენიმე ათეული ადამიანი, რამდენიმე შენობა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ის გააღწევს თავისი ეზოდან, თავისი უბნიდან, უზარმაზარ სამყაროს აღმოაჩენს”, – ამბობს მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი.

აბო იაშაღაშვილი თბილისზე წერს და თბილისის ერთგვარი მკვლევარიც არის. კარგა ხანს გაგრძელდა მისი და ჯიმშერ რეხვიაშვილის საუბარი ქალაქზე. სიცივისა და კოვიდის მიუხედავად, მწერალთა სახლის ბაღში მსმენელები სულგანაბული ისხდნენ და ისმენდნენ მათთვის ასე ნაცნობ ან უცნობ ამბებს თბილისის შესახებ.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend