მთავარიdraft geoროგორია ვაქცინაციის ტემპი საქართველოს რეგიონებში

როგორია ვაქცინაციის ტემპი საქართველოს რეგიონებში

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ამ დროისთვის 1 მილიონ 900 ათასზე მეტი აცრაა ჩატარებული.

რა ვითარებაა ამ მხრივ, საქართველოს რეგიონებში

ევრონიუს ჯორჯია” ქუთაისში ჩავიდა, რათა ვაქცინაციის ტემპზე მეტი გაეგო.

როგორია ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა იმერეთის რეგიონში

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს საქართველოში. ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღაზე საუბრობენ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია იმერეთის რეგიონშიც, ვაქცინაციის ტემპმა კი უკვე ერთ თვეზე მეტია იკლო.

რას ფიქრობს მოსახლეობა ვაქცინაციაზე:

„მარტო მე კი არა ოჯახში ყველა აცრილია, მე სხვა გზას ვერ მივჩერებივარ ვირუსისგან თავის დასაცავად, ვაქცინაციის გარდა“.

„ეს პანდემია მარტო საქართველოში არ არის, მერე სპეციალისტებს უნდა დავუჯეროთ, მე თვითონ სინოფარმით ვარ ორჯერ აცრილი. სამი თვეა აცრილი ვარ და როგორც ვიყავი იმაზე უარესად ნამდვილად არ ვარ“.

„არ ვარ აცრილი, კოვიდიც არ გადამიტანია, აცრას ვაპირებ, უბრალოდ მეშინია“.

„ რა თქმა უნდა, აცრილი ვარ ეს ოჯახის და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ხშირად ვკამათობ ამაზე.ასე ვთქვათ ანტივაქსერებთან ბევრს ვარწმუნებ ბევრს ვერა“.

„არ ვარ აცრილი და არც მაინტერესებს, ჯანმრთელი კაცი ვარ და შეიძლება არც დამემართოს ეს ავადმყოფობა და რატო გავიკეთო ნემსი”.

„მე ფაიზერის ორი დოზით ავიცერი და ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ კოვიდის გავრცელებისგან თავი დავიცვა და თან ჯანმრთელად ვიყო“.

იმერეთის რეგიონში 24  ვაქცინაციის ცენტრია. მათგან 11 ქუთაისშია განლაგებული.

ერთ-ერთში 20 ოქტომბრის მონაცემებით, 30-მდე ადგილია დაჯავშნილი,  თუმცა სამედიცინო პერსონალის თქმით, დღიური აცრების რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება გასული თვეებისას.

„დღევანდელი მონაცემებით 2 საათამდე 23 ადამიანი ვაქცინირებული, 19 ოქტომბრის მონაცემებიც თითქმის იგივე იყო და 12 საათში მანძილზე 54 ადამიანი ავცერით. ახლა ჩვენთან 2 კაბინეტი მუშაობს, სადაც მაქსიმალური დატვირთვის დროს 240 ადამიანს ვცრიდით, რასაც ახლანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ ვხედავთ, რომ ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად არის შემცირებული”, – ამბობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე სტურუა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იმერეთის  რეგიონი კორონავირუსის დადასტურებული შეთხვევების რაოდენობით თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა. ხოლო 15 მარტიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, ვაქცინაციის ტემპით იმერეთს მხოლოდ აჭარა და თბილისი უსწრებს.

იმერეთის რეგიონის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ვაქცინაციის მსურველთა შემცირების გამო, აცრის რამდენიმე პუნქტის დახურვა მოუწიათ

„დღეის მდგომარეობით ტემპის მკვეთრი კლება გვაქვს, ჩამოვედით 700-800 ან 1000 ვაქცინირებულზე დღეში. მასობრივი სივრცეები კი, რომლებიც იმუნიზაციისთვის იყო გახსნილი 2 დავხურეთ, ეს დაუკავშირდა ზესტაფონის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყებას და მომართვიანობის შემცირებას. ასევე იგეგმება, რომ დაიხუროს მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისშიც, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, თუმცა თუკი მომართვიანობა გაიზრდება ბუნებრივია, ამ სივრცეებს კვლავ გავხსნით. ამ დროისთვის კი ამცრელი დაწესებულებები საკმარისია და სრულად დატვირთული არ არის“, -ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ოქტომბრის დასაწყისიდან შემცირდა. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმის დასაბრუნებლად საჭიროა ყოველდღიურად მეტმა ადამიანმა აიცრას.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend