მთავარისაქართველო35-მდე მოქალაქე თბილისში გრიპის ვაქცინის ნაცვლად სავარაუდოდ C ვიტამინით "აცრეს"

35-მდე მოქალაქე თბილისში გრიპის ვაქცინის ნაცვლად სავარაუდოდ C ვიტამინით “აცრეს”

სავარაუდო თაღლითური სქემა

ევრონიუს ჯორჯიას“ გადამღებ ჯგუფს გოგელიას კლინიკასთან შეხვდა მოქალაქე, რომელიც გოგელიას კლინიკაში გაურკვეველი პრეპარატით აიცრა.

მოქალაქე ყვება, რომ თავდაპირველად სოციალურ ქსელში შეხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგელიას კლინიკაში ფრანგული, ოთხკომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ და მოქალაქეებს აცრის გაკეთებას 75 ლარად სთავაზობდნენ.

კლინიკას მაშინვე დაუკავშირდა, თანხაც გადაიხადა და დღეს, 20 ოქტომბერს დილის 11-ის ნახევარზე აცრა გაიკეთა. შემდეგ კი გაიგო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სხვა პრეპარატი გაუკეთეს. კამერებთან საუბარი არ ისურვა, თუმცა ანონიმურად ჩაწერაზე თანხმობა განაცხადა.

„გუშინ დავუკავშირდი კლინიკას მითხრეს, გადმორიცხე თანხა და ხვალ დაჯავშნეთ ვიზიტი აცრისთვის რომელ საათზეც გინდათო. გამიკვირდა, კლინიკაში წინასწარ არსად მინახავს თანხის გადახდა. გადავრიცხე.  როცა მოვედი რეგისტრაციაც კი არ გამატარეს პირდაპირ გამომართვეს პირადობა. ფურცლებზე გვარები ეწერათ ხაზი გადაუსვეს, თითქოს „ჯოკერს“ თამაშობდნენ, ხელი მომაწერინეს და ამცრეს. ახლაც მაქვს მკლავზე დაკრული ლეიკო პლასტირი, არანაირი გვერდითი მოვლენა არ მქონია. თავიდან მკლავი ამეწვა, შემდეგ კი გამიარა“, – ამბობს მოქალაქე, რომელიც გოგელიას კლინიკაში დღეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინით აცრეს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით, გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის სეზონური ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატი გაუკეთა, უკანონო საქმიანობას ეწეოდა და მას საერთოდ არ ჰქონდა არანაირი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება.

„აღნიშნულ პროცედურას ახორციელებდა ექიმი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სერტიფიკატი. მას არ ჰქონდა უფლება, საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა. ეს ექიმი უკანონო საქმიანობას 2020 წელსაც ახორციელებდა. რეგულირების სააგენტომ გამოავლინა ფაქტი და ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი შევუდგინეთ და მასალები პროკურატურაში გადავაგზავნეთ. ამჟამად, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები გოგელიას კლინიკაში იმყოფებიან და ადგილზე კიდევ უფრო დეტალურად სწავლობენ ყველა ფაქტს. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 35 ადამიანი აცრეს დღეს. წინასწარ თქმა არ შეგვიძლია თუ რა პრეპარატი გაუკეთეს ამ მოქალაქეებს, ამას ექსპერტიზა სჭირდება, თუმცა წინასწარ შეგვიძლია გითხრათ, რომ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს პრეპარატი C ვიტამინი იყო, თუმცა ამ ყველაფერს პასუხს ექსპერტიზა გასცემს“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა.

მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, რომ სანამ კლინიკაში მივლენ, ნებისმიერი კლინიკის ლიცენზიისა თუ ექიმის საექიმო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის დახმარებით გადაამოწმონ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend