მთავარისაქართველოთბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი კვლავ მასპინძლობს უცხოელ მწერლებს.

პანდემიის მიუხედავად, ლიტერატურული ფესტივალი „მწერალთა სახლში“ ისევ ტარდება, მაგრამ ცხადია, ამჯერად სტუმრების შეზღუდული რაოდენობით.

„თოთხმეტი საერთაშორისო მონაწილე გვყავს. აქედან 13 მწერალია და 1 შემოქმდებითი წერის ლექტორი და რედაქტორი, რომელიც ჩვენს დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.“ – გვითხრა ნუკა ღამბაშიძემ, ფესტივალის მენეჯერმა.

ლიტერატურული პროგრამა რამდენიმე ეტაპად იყოფა.

ფესტივალის პირველი ნაწილი მოიცავს პოეზიის საღამოებს და დისკუსიებს ლიტერატურის როლის შესახებ სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში. პროგრამის ამ ნაწილის მონაწილეები უმეტესად პოსტ-საბჭოთა სივრცის ავტორები არიან.

„დისკუსიები იქნება მაგალითად ოკუპაციის თემაზე, ომისა და ლიტერატურის თემაზე – ანუ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პოეტმა შოთა იათაშვილმა.

„ჩემი დისკუსიის თემაა „ლიტერატურა ოკუპაციის პირისპირ“. მე უკრაინელი მწერალი ვარ, სიტყვით გამოსვლისას იმ კონკურსზე ვილაპარაკებ, რომლის კურატორიც ვარ – „ყირიმული ლეღვი“. საქართველოში 2 კვირის წინ ჩამოვედი, მე მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეც ვარ. ძალიან მიყვარს საქართველო! ეს ჩემი პირველი ვიზიტი არაა. მოხარული ვარ, რომ ამ პირობებში მიწევს წერა და მუშაობა..“ – განაცხადა უკრაინელმა მწერალმა ანასტასია ლევკოვამ.

19, 20 და 21 ოქტომბერს ფესტივალი ქართველ ავტორებს უმასპინძლებს და  დისკუსიები სამ ქალაქში გაიმართება  –  თბილისში, გორსა და ქუთაისში.

„ფესტივალის თემაა „ქალაქი,როგორც სიმბოლო“. იგი მიეძღვნება ამერიკელი მწერლის, ლორენს ფერლინგეტის ხსოვნას, რომელიც საკულტო გამომცემელი, პოეტი და აქტივისტი გახლდათ“, – ამბობს ლუკა გრიგოლია „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ პროექტების მენეჯერი.

„წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, რადგან იგი ეძღვნება ლორენს ფერლინგეტის ხსოვნას, რომელიც წარმოშობით ჩემი მშობლიური ქალაქიდანაა – სან ფრანცისკოდან. ფესტივალი იმის მაგალითია, თუ როგორ უყვართ ქართველ და ამერიკელ ხალხს ლიტერატურა“, – განაცხადა კელი დეგნანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ფესტივალის დასკვნითი  შეხვედრა 24 ოქტომბერს გაიმართება და იგი ამერიკელი პოეტისა და აქტივისტის, ლორენს ფერლინგეტის შემოქმედებას მიეძღვნება.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend