მთავარი საქართველო საქართველოს ეროვნულ გალერეაში ლევან სონღულაშვილის გამოფენა მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ გალერეაში ლევან სონღულაშვილის გამოფენა მიმდინარეობს

სამი საგამოფენო დარბაზი, შემოქმედების სამი ეტაპი და ხელოვნების სამი მიმდინარეობა. ასეთია ლევან სონღულაშვილის გამოფენა სახელწოდებით „ტრიფტიხი“, რაც ბერძნულად სამ ნაკეცს ან ფენას აღნიშნავს. საგამოფენო დარბაზები სამგანზომილებიან მულტიმედიურ სივრცედ არის გარდაქმნილი, სადაც ერთ ფერწერულ ტილოსთან ერთად, ინსტალაციებია წარმოდგენილი, დარბაზში კი ამ დროს სხვადასხვაგვარი ხმები ისმის.

ლევან სონღულაშვილი ამბობს, რომ გამოფენის სამ ნაწილად დაყოფა საგანგებო ჩანაფიქრი იყო. უნდოდა, რომ სამ საექსპოზიციო სივრცეში შექმნილიყო ტრიფტიხი, რომელიც იქნებოდა არა ერთი ნამუშევარი, რომელიც სამ ნაწილად იყოფა, არამედ სამ დარბაზში მოქცეული ექსპოზიცია, რომელიც ტრიფტიხს ქმნის. პირველ დარბაზში შესული დამთვალიერებელი არყის ხეების ტყეში აღმოჩნდება. მხატვარი თვლის, რომ არყის ხეებს თვალები აქვთ.

„თითქოს არყის ხე სულიერი ორგანიზმია, რომელიც შენ გიმზერს. დამთვალიერებელი რომელიც ამ ტყეს, ნახევრად სურიალისტულ, გრაფიკულ, მინიმალისტურ სამყაროს გადის, აღმოაჩენს, რომ თვითონ კი არ არის ამ ტყის დამკვირვებელი, არამედ პირიქით, თვითონ ტყე გვაკვირდება და გვახედებს საკუთარ შინაგან სამყაროში“, – ამბობს მხატვარი “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.

არყის ხეების ტყიდან დამთვალიერებელი ბნელ ოთახში გადადის. აქ მას კუბის ფორმის ინსტალაციას ხვდება, რომელიც სარკოფაგსა თუ ყორღანს წააგავს. კედელზე ფრიდრიხ ნიცშეს ციტატაა მიწერილი – “როდესაც იყურები უფსკრულში, უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ”.

მხატვრის თქმით, კუბის ინსტალაციაში კლაუსტოფობიური გარემო იქნება, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი შედის, დგება უფსკრულზე, იხედება ქვევით, საიდანაც სინათლის ერთადერთი წყაროა და ნამდვილად შეიძლება დაინახოს უფსკრულის მზერა, რომელიც მისკენაა მიმართული. ბოლო დარბაზში მხოლოდ ერთი ფერწერული ტილოა გამოფენილი, რომელზეც ლევან სონღულაშვილი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, როდესაც ნახატზე მუშაობა დაიწყო, მას ბედნიერი წლები ჰქონდა. თუმცა, ხატვის შეწყვეტა პირადი ტრაგედიის გამო მოუხდა.

„ვგრძნობდი, თუ დროთა განმავლობაში, როგორ ვიცვლებოდი მე და როგორ იცვლებოდა ეს ნამუშევარი. განსხვავებით ყველა ჩემი აქამდე შექმნილი ნამუშევრისაგან, ეს ნამუშევარი ვიზუალური, ექსპრესიული, ფერწერული ფორმითაც განსხვავდება. მას ავტო-ბიოგრაფიული ისტორიიდან გამომდინარე სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ გამოფენაზე არ უნდა ყოფილიყო სხვა ნამუშევრები. ამ ტილოს სახელწოდება ელიზიუმია. სამყოფელი მოხეტიალე სულებისა, რომლებიც წრეზე ტრიალებენ და ადამიანის მზერას მორევში ითრევენ. თითქოს ცხოვრებაც გარკვეული ციკლია – სამი ეტაპი, სამი პროცესი, რომელსაც ადამიანი მუდმივად გადის როგორც საკუთარ თავში, ისე გარე სამყაროში“, – თქვა ლევან სონღულაშვილმა.

აქ კოვიდრეგულაციებს მკაცრად იცავენ, რადგან გამოფენის ნახვა ბევრს სურს. ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარი და ხელოვანია.

„ამ გამოფენამ ნამდვილად გამაოცა. ამ გამოფენამ გამაოცა. აქ ამდენი კლასიკური თემაა წარმოდგენილი, პრობლემები, რომლებიც დროის მიღმა დგას“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ექსპერიმენტული გამოფენის შესაქმნელად, ავტორი უცხოელ კურატორთან ბაშაკ შენოვასთან თანამშრომლობდა, რომელსაც გამოფენაზე მუშაობა პანდემიის გამო დისტანციურად მოუწია.

„მთელი ზაფხულის განმავლობაში კონცეპტზე, დიზაინსა და სხვადასხვა დეტალზე ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, დისტანციურად ფოტოების და გეგმების გამოყენებით სივრცის აღქმა ძალიან რთული იყო“, – ამბობს კურატორი.

გამოფენა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
„კოლაბორაცია, რომელიც კერძო გალერეას და ეროვნულ გალერეას შორის შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მომავალში ამგვარი თანამშრომლობა გაგრძელდეს და მეტმა გელერეამ თუ ხელოვანმა მიიღოს მონაწილეობა, რომ თავიანთი ნამუშევრები ფართო მასებს წარუდგინონ“, – თქვა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და „Window Project-ის” დამფუძნებელმა თამუნა ღვაბერიძემ

დამთვალიერებელს გამოფენა „ტრიფტიხის” ნახვა საქართველოს ეროვნულ გალერეაში 7 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend