მთავარი საქართველო ვის შეუძლია „ბუსტერ" დოზითა და დამატებითი დოზით აცრა საქართველოში

ვის შეუძლია „ბუსტერ” დოზითა და დამატებითი დოზით აცრა საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოში ე.წ. „ბუსტერ დოზის“ მიღება და ჩინური წარმოების ვაქცინით სრულად აცრილთათვის დამატებით „პფაიზერის“ ვაქცინით აცრა უკვე შესაძლებელია.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც 11 ოქტომბრით თარიღდება, უკვე მოქმედებს. ბრძანების მიხედვით, ასევე შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან 12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები. ეს გადაწყვეტილებები იმუნიზაციის საბჭომ წინა კვირას მიიღო.

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრა შეუძლიათ 50 წელს გადაცილებულ პირებს, ხანგრძლივი დროით გარკვეულ დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელს ზემოთ ვაქცინირებულებსა და  მათ მომვლელებს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულებსა თუ მსჯავრდებულებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს, ასევე 16 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადებები ან ორგანო აქვს გადანერგილი.

ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა და მათ, ვისაც ორგანო აქვს გადანერგილი, ამცრელ ცენტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ. ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

მესამე დოზით „პფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აცრაა შესაძლებელი.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებითა და ახალი ბრძანების მიხედვით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, აიცრან „პფაიზერის“ ვაქცინით. ამ შემთხვევაში ამცრელ ცენტრში მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულოა. 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში დაშვებულია აცრა იმ შემთხვევაშიც, თუ კანონიერი წარმომადგენელი ამას მოითხოვს და მიზეზს დაასაბუთებს. მიზეზი შესაძლოა იყოს: მოგზაურობა, სწავლა, მკურნალობა ან საზღვარგარეთ წასვლის სხვა მოტივი, რისთვისაც ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია. მოგზაურობის მიზეზით აცრის სურვილის შემთხვევაში, ამცრელ დაწესებულებაში საჭიროა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, მაგალითად, სამგზავრო ბილეთის, ჯავშნის, მოწვევის თუ სხვა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.

ახალი ბრძანების მიხედვით, მათ, ვინც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით არის აცრილი, დამატებით „პფაიზერის“ ვაქცინით აცრა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ „პფაიზერის“ ორი დოზით აცრა. ამ შემთხვევაში, დამატებითი ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ მეორე დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ. მათ, ვინც ჩინური წარმოების რომელიმე ვაქცინით სრულად არის აცრილი და მოგზაურობისთვის დამატებით „პფაიზერით“ აცრა სურს, ამცრელ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს სამგზავრო ბილეთი ან ჯავშანი, მოწვევა, წერილი მივლინების შესახებ. ასევე დამატებით „პფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად პირმა უნდა წარადგინოს დამსაქმებლის წერილი, რომ მას ხშირად უწევს საქმიანი ვიზიტით გამგზავრება.

ბრძანებაში ასევე განსაზღვრულია ერთი დოზით აცრილ ორსულთა საკითხიც. ორსულებმა, რომლებიც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“
პირველი დოზით არიან აცრილი და ორსულობის შესახებ მეორე დოზით აცრამდე გაიგეს, მეორე დოზა „პფაიზერის“ ვაქცინით უნდა გაიკეთონ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

ჯანდაცვის მინისტრიჯანდაცვის მინისტრი

Send this to a friend