მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს

გერმანიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს

„სოციალ-დემოკრატიული“, „მწვანეთა“ და „თავისუფალი დემოკრატიული“ პარტიების წარმომადგენლებს სურთ, პარასკევამდე მიიღონ გადაწყვეტილება, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გამართავენ თუ არა მოლაპარაკებებს.

ამის შესახებ პოლიტიკურმა პარტიებმა განცხადება ბერლინში გააკეთეს. ისინი შეხვედრებს ორშაბათიდან მართავენ, რათა შეაჯერონ პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ჯერჯერობით ისევ არსებობს უთანხმოება. „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი ვითარებას ოპტიმისტურად აფასებს.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი  ლარს კლინგბაილი ამბობს, რომ ისინი უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ ამ საკითხებზე. მისი თქმით, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და, შესაბამისად, იქნება დაბრკოლებები და გამოწვევებიც. თუმცა მას სჯერა, რომ თუ ამ პრობლემას, როგორც საერთო გამოწვევას, ისე შეხედავენ, მაშინ უფრო მარტივად შეძლებენ დაბრკოლებების გადალახვას.

პროგრესს ხედავენ „მწვანეთა პარტიაშიც“. „მწვანეთა პარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კელნერი აღნიშნავს, რომ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით საერთო მოსაზრებაც აქვთ. თუმცა მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც გასარკვევი და მოსაგვარებელია.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს პარტიები შიდა შეხვედრებს გამართავენ კონსულტაციების შესაფასებლად.

ამ საკითხს გამოეხმაურა გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი ვოლკერ ვისინგიც. მისი აზრით, ერთმანეთთან ნორმალურად ლაპარაკი ერთი საკითხია, გადამწყვეტი მნიშვნელობა კი შეთანხმების  წერილობით გაფორმებას ენიჭება. მათი მიზანია, პარასკევისთვის გადაწყდეს, დაიწყება თუ არა  მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა საკითხებს განიხილავენ კიდევ მოლაპარაკების დროს.  თუმცა ცნობილია, რომ  აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს გადასახადებისა და ფისკალური პოლიტიკის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend