მთავარიევროპაბელგიაკლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით აქტივისტებმა ბრიუსელში საპროტესტო მსვლელობა გამართეს

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით აქტივისტებმა ბრიუსელში საპროტესტო მსვლელობა გამართეს

მზიან კვირადღეს ბრიუსელში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. აქციის მონაწილენი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ. თუმცა ახლა ევროკავშირს კონკრეტული გეგმა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ჯერ არ არის დამტკიცებული, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ევროპა 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება. თუმცა აქციის მონაწილეები მაინც უკმაყოფილებას გამოხატავენ.

გარემოს დამცველი აქტივისტი კუნ პლატევუტი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები უკვე დაგვიანებულია და საჭიროა მყისიერი მოქმედებები. მისი თქმით, პოლიტიკოსები უკვე მრავალი წელია, საზოგადოებას ჰპირდებიან, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

მომიტინგეთა შორის არიან სკაუტის წევრი გოგონები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, აქციაზე ყველაზე მეტად სწორედ ისინი აქტიურობდნენ. გოგონების თქმით, კლიმატის პრობლემების პირველ ადგილზე დაყენებით მათმა თაობამ მაგალითი უნდა მისცეს სხვებს.

აქ შეკრებილები კი ვერ ივიწყებენ ცოტა ხნის წინ მომხდარ წყალდიდობას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. ერთ-ერთ ორგანიზატორს  ნიკოლას ვან ნუფელს მიაჩნია, რომ ადგილობრივ პოლიტიკოსებს აღარ აქვთ დაყოვნების დრო, მათ სწრაფად უნდა მიაქციონ  ყურადღება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ერთ-ერთი აქტივისტის აზრით, აუცილებელია შენობა-ნაგებობების შეცვლა, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შესაბამისი თანხები. მისი თქმით, ევროკავშირის გეგმა კარგია, თუმცა  არასრულყოფილი. ნიკოლასი იმედოვნებს, რომ კლიმატისადმი მიძღვნილ მომდევნო სამიტზე ბელგიასა და ევროკავშირს უკეთესი გეგმა ექნებათ.

ბრიუსელში აქციის მონაწილეები მყისიერ რეაგირებას მოითხოვენ. თუ პოლიტიკოსებმა  აქ შეკრებილი ადამიანების ხმა ვერ გაიგონეს, ისინი ისევ დაუბრუნდებიან ქუჩებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend